“გატარება ხომ არ გინდათ?“ - სოციალურად დაუცველების მეტროს „ბიზნესი“

14:46 03-21-2019
3665

გატარება ხომ არ გინდათ?“ - ამ შეკითხვას ყველა მეტროპოლიტენის თითქმის ყველა სადგურზე გაიგონებთ. მგზავრებს, რომლებსაც სამგზავრო ბარათი ან ბარათზე ჩარიცხული თანხა არ აქვთ, სალაროსთან გრძელ რიგში დგომა აღარ უწევთ. ამ ტიპის მგზავრებს თვით-დასაქმებული, სოციალურად შეჭირვებული ადამიანები 50 თეთრად მეტროში გატარებას სთავაზობენ.

მათი „სამუშაოს“ მიზანი მუნიციპალურ ტრანსპორტში დაწესებული  შეღავათიანი ტარიფებიდან მოგებული თანხაა. ეს ადამიანები  ყოველდღიურ სარჩოს ამ გზით მოიპოვებენ. გაცილებით მეტი „მოგება“ აქვთ სოციალურად დაუცველ პირებს, რადგან ამ სტატუსის მქონე ადამიანებისთვის შეღავათიანი სატრანპორტო ტარიფი არსებობს. ისინი მგზავრობაში 10 თეთრს იხდიან. საათნახევრის განმავლობაში კი, მათთვის გადაადგილება უფასოა.  

სქემა ასეთია: ყველა იმ მგზავრს, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მგზავრობის ღირებულების გადახდისას ელექტრონული ბარათით - მეტრომანით სარგებლობს, შესაძლებლობა ეძლევა მუნიციპალურ ტრანსპორტში, პირველი მგზავრობის საფასური 50 თეთრი გადაიხდოს და საათნახევრის განმავლობაში, მეტროსა და ავტობუსში, სხვა მარშრუტზე გადაჯდომისას უფასოდ იმგზავროს. ეს საათნახევრიანი შუალედია თვით-დასაქმებული „გამტარებლების“ მოგების ოქროს ხანა. დრო, როცა ათობით და ხანდახან ასობით მოქალაქეს 50 თეთრს ახდევინებენ.

ეს სქემა „პრაიმტაიმმა“ თავის ე.წ. ექსპერიმენტშიც გამოსცადა:

სადგურის მოედანზე, მეტროს შესასვლელთან ახალგაზრდა მამაკაცი დღის განმვალობაში უამრავ მგზავრს მიმართავს. მათ შორის ჩვენც აღმოვჩნდით. ჩვეული კითხვის შემდეგ, -გატარება ხომ არ გინდათ? - უკვე როგორც რესპონდენტს, ჩვენს კითხვებზე მოუწია პასუხების გაცემა.

„ერთი მხრივ, ადამიანებს ვეხმარები, ხანდახან ძალიან დიდი რიგია სალაროსთან და ვისაც ეჩქარება, მათთვის კომფორტულია ასე გავლა. მეორეს მხრივ, მე მაქვს ჩემი შემოსავალი. მამაკაცი ამბობს, რომ ყოფილა დღეები, როცა რამდენიმე ბარათებით 60 ლარიც კი გამოუმუშავებია ე.წ. მეტრომანებით, ხანდახან მხოლოდ სამი ლარი. როცა ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზარალზე ვისაუბრეთ, ასე მიპასუხა: „მომისმინეთ, მაგ ბიუჯეტიდან ჩემთვის და ჩემნაირი ადამიანებისთვის არაფერი არ არის. ჩვენ ვინ რას გამოგვიყოფს? ამიტომაც, იძულებულები ვართ რაიმე ვიღონოთ და ეს მოვიფიქრეთ. ჩვენც გვშია“. მითხრა, რომ არასოდეს უოცნებია მეტროში, ორპირ ქარში, ესკალატორების გუგუნში მდგარიყო და დალოდებოდა „ორ კაპიკს“.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური