„პრაიმტაიმის“ რეიდს ჯანდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა - საავადმყოფოებში მონიტორინგის სამსახური შევიდა

16:43 03-21-2019
358

პრაიმტაიმის რეიდს საავადმყოფოებში ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის სამსახური გამოეხმაურა. როგორც კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა „პრაიმტაიმთან“ საუბარში აღნიშნა, მაკონტროლებლებმა შეადგინეს შესაბამისი ოქმები და შემდგომ ღონისძიებებს სასამართლო დაადგენს. 

„ჩვენმა უწყებამ პრაიმტაიმის მომზადებული სიუჟეტის შემდეგ განახორციელა იმ კლინიკებში მონიტორინგი, რომლებიც ფიგურირებდნენ გადაცემაში. ჩვენ არ ვიცოდით ბუნკერი, სადაც ინახავდნენ დროებით სამედიცინო ნარჩენებს რომელ დაწესებულებას ეკუთვნოდა. დავადგინეთ, რომ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს კუთვნილი სათავსო ყოფილა. აღმოჩნდა, რომ სიუჟეტის შემდეგ, წინ გადაუდგამთ ნაბიჯი და დაუსუფთავებიათ. თუმცა, დარღვევები მაინც იყო სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. შევადგინეთ შესაბამისი ოქმები და პროცედურულად, სასამართლო იმსჯელებს შემდგომ ღონისძიებებზე. მეორე კლინიკაშიც სავარაუდოდ, გამოსწორდა სიტუაცია და იქ ადგილზე დიდი დარღვევები არ შეგვინიშნავს. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელზე განთავსებულ სამედიცინო ნარჩენებს, მთავარია არ იყოს საშიში ნარჩენი. ეს კანონდარღვევა არ არის. კლინიკებიდან ნაგვის გატანა დამოკიდებულია სპეციალურ გამტანთა გრაფიკზე“ - განაცხადა „პრაიმტაიმთან“ კონტროლის დეპარტამენტის სალიცენზიო პირობების დაცვის კონტროლის სამმართველოს უფროსმა, ტარიელ კაშიამ.

შეგახსენებთ, დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში „პრაიმტაიმმა“ რეიდი ჩატარდა. დავინტერესდით, საავადმყოფოები როგორ იცავენ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, როგორ მართავენ სამედიცინო ნარჩენების გატანის პროცესს და რა მდგომარეობაა ამ მხრივ, დაწესებულებებში. 



ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი