სკვერში მოგვიწია რამდენიმე დღის გატარება- ცხრაშვილიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ რჩება

17:12 03-22-2019
58

კრწანისში, კერძო დასახლებაში ცხრა შვილის დედ-მამა ნაქირავებ ქოხში ცხოვრობს. მათ ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება. როგორც ბავშვების მამა ამბობს, შენობის მეპატრონე საბუთებს ამზადებს და მის გაყიდვას გეგმავს.

როგორ და რა პირობებში ცხოვრობს ახლა მრავალშვილიანი ოჯახი და რას იზამენ, თუ საცხოვრებელს დაატოვებინებენ? - „პრაიმტაიმი“ ოჯახის მამას ესაუბრა. მოზარდების თხოვნით, სახელები და გვარები შეცვლილია.

დათო ბრეგვაძე: „ხშირად გავუკრიტიკებივართ, ამდენ შვილს სატანჯველად აჩენთო?! მართალია, საკუთარი ბინა არ გვქონია არასოდეს, მაგრამ პატიოსანი შრომით ოჯახს კარგად ვარჩენდი. ქირასაც უპრობლემოდ ვიხდიდი და არც არაფერს ვაკლებდი. სამსახურში რაღაცეები შეიცვალა, მეც შემცირებაში მოვყევი. მეუღლე მეცხრე ბავშვზე ორსულად იყო. დავრჩით შემოსავლის გარეშე. სკვერში მოგვიწია რამდენიმე დღის გატარება, რადგან არც სოფელი მაქვს და არც არაფერი. ჩვენი უფროსი გოგონა და ბიჭი ტყუპები არიან, 25 წლის. ცერებრალური დამბლის დიაგნოზით არის ბიჭი ავად, გადაადგილება უჭირს. დანარჩენები ჯანმრთელები არიან. მთელ დღეს მათ წაყვანა-წამოყვანაში ვარ. სკოლაში რომ მივიყვან და სახლში ვბრუნდები, ვალაგებ, ვრეცხავ, ვაუთოვებ, მეუღლეს ვუვლი. როცა მოდიან მეცადინეობენ და მე, რა თქმა უნდა, ამას მთელ ენერგიას ვახმარ. გაჭირვების გამო, ხელს ვერ ვუწყობ, რომ იარონ მათთვის სასურველ წრეებზე. თუმცა, კარგად სწავლობენ. თუ რამე ვერ გაიგეს, ვეხმარები, ნაწარმოებების განხილვასაც ვაწყობთ ხოლმე და ასე გადის დრო. მე-9 კლასელი ბიჭი ოქროს მედლის კანდიდატია. მინდა, ისწავლონ და წესიერი ადამიანები დადგნენ. ჩვენი მთავარი პრობლემა უბინაობაა. წარმოიდგინეთ ოჯახი, სადაც 11 სული ქოხში ცხოვრობს. ეს ქოხიც ძლივს ვიშოვნეთ, არცერთ გამქირავებელს არ უნდა, ამხელა ოჯახის შეშვება, მითუფრო ბავშვების. ახლა, ამავე ეზოში მცხოვრებმა, მეორე ქოხის ბინადარმა მითხრა, იყიდება ეს მიწის ნაკვეთიო. დღეების ამბავია და ისევ ქუჩაში აღმოვჩნდებით.

მართალია, სახელმწიფო სოციალურ დახმარებას ვიღებთ და ესაა ჩვენი შემოსავალი. ვსარგებლობთ უფასო სასადილოთი. მართალია, რაოდენობრივად საკვები ცოტაა, მაგრამ შველაა მაინც. ხუთ პურს გვაძლევენ, დიდებს არ ყოფნით და ვყიდულობ ხოლმე. უმეტესად მე და ჩემი ავადმყოფი მეუღლე ვშიმშილობთ და ლუკმას შვილებს ვუნაწილებთ. ახლა, უკიდურესად გამოუვალ მდგომარეობაში ვართ, სად წავიდეთ ამდენი ბავშვით. გეფიცებით, სოფელი რომ მქონდეს სიამოვნებით წავიდოდით. მიწას მაინც დავამუშავებთ... საცხოვრისის გამოყოფისთვის მერიასაც არაერთხელ მივმართეთ, თუმცა, სულ რიგში ვარ და რიგმა ჩვენამდე ვეღარ მოაღწია. არ მინდა, ვინმეს უმადური ვეგონო, არავის არ ვავალდებულებთ და არც ჩვენს ცხრა შვილზე ვაკისრებ ვინმეს პასუხისმგებლობას, მაგრამ ნუთუ ბევრი ქართველი აჩენს ამდენ შვილს? ნუთუ ბევრი ღატაკი ბავშვი არის მედლის კანდიდატი და ნუთუ ბევრი ოჯახი საკვების ნაცვლად  წიგნს ყიდულობს? მადლობელი ვარ, საბურთალოს გამგეობის, ყურადღებით არიან და გვიწევენ დახმარებას შეძლებისდაგვარად, თუმცა სახლი არის ჩვენი პრობლემა, დანარჩენს თავადაც გავუმკლავდებით...

მრავალშვილიანი ოჯახის პრობლემის შესახებ „პრაიმტაიმი“ მერიას დაუკავშირდა. 

 „ (მისი სახელით)  თბილისის მერიაში განცხადება არ შემოსულა საცხოვრისით უზრუნველყოფის თაობაზე. ოჯახმა აუცილებლად უნდა მოიპოვოს უსახლკაროს სტატუსი და შემდეგ, დარეგისტრირდეს მერიაში“- განუცხადა „პრაიმტაიმს“ თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მანანა თოქმაჯიშვილმა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ოჯახს საბურთალოს გამგეობა 2013 წლიდან ქირით უზრუნველყოფს და საცხოვრებლის შეცვლის შემთხვევაშიც, ასე გაგრძელდება.

თამარ ბუჩუკური