ოპოზიციური გაერთიანების “ძალა ერთობაშია” ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც "პრაიმტაიმი" უცვლელად გთავაზობთ:
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ დამიჭირა მხარი ზუგდიდის მერობის კანდიდატად, მზად ვარ ვიბრძოლო გამარჯვებისთვის ჩემს საყვარელ სამეგრელოში, მხარეში, რომელიც საქართველოს გაუტეხლობის სიმბოლოა.. ზუგდიდელები იმსახურებენ მერს, რომელიც იშრომებს ქალაქისა და სოფლების პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც მუდმივ კომუნიკაციაში იქნება ხალხთან და მათი მხარდაჭერითა და ჩართულობით შეძლებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი გადააქციოს ევროპული თვითმმართველობის ნამდვილ მოდელად.
წლების განმავლობაში არასოდეს მეგონა, რომ პოლიტიკაში აქტიურად ჩავერთვებოდი. მეგონა, შემეძლო საქართველოს სხვაგვარად დავხმარებოდი. მაგრამ ახლა, როდესაც საქართველოში სიტუაცია დღითიდღე უფრო გაუსაძლისი და უპერსპექტივო ხდება, დახმარების საუკეთესო საშუალება სწორედ პოლიტიკაში ჩართვაა.
2016 წელს ყველასთვის ნათელი გაყალბების და ზეწოლის პირობებში არ მომეცა საშუალება პარლამენტში შესულვიყავი ზუგდიდის მაჟორიტარად. ამჯერად, უფრო მობილიზებულები ვიქნებით და აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებ ყოველი ხმისათვის და საბოლოო გამარჯვებისთვის.
გაერთიანებული ოპოზიციის გამარჯვება ზუგდიდში იქნება საქართველოსთვის გაზაფხულის მაუწყებელი პირველი მერცხალი.
ჩვენ დასაკარგი დრო აღარ გვაქვს. საქართველო უნდა დავუბრუნოთ განვითარების გზას. დავიწყოთ ზუგდიდიდან!"- წერს სანდრა რულოვსი.