უნიკალური აღმოჩენის შემდეგ ქართველმა მეცნიერმა ქვეყანა დატოვა - რა გახდა ამის მიზეზი

14:45 03-25-2019
23435

ბაღდათელმა პედაგოგმა ნინო ბაზანოვმა ქვეყანა რამდენიმე თვის წინ დატოვა. ამბობს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და სწორედ ამ მიზეზით გაემგზავრა იტალიაში.

ყველაფერი კი სამი წლის წინ მაშინ დაიწყო, როცა სოფელი ბაღდათი ქართველი და უცხოელი მეცნიერების ყურადღების ცენტრში მოექცა. მიზეზი, მდინარე ხანის წყლის პირას აღმოჩენილი გიგანტური კუს, დინოზავრისა და დიდი ზომის თევზების გაქვავებული შესაძლო ნაშთების აღმოჩენა იყო. ვარაუდობდნენ, რომ ცხოველთა „ნიმუშები“ რამდენიმე ასეული საუკუნისაა. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში ბაღდათი მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის სტატუს შეიძენდა. ასე ეგონა ყველას და მათ შორის, ამ ყველაფრის აღმომჩენს, ბაღდათელ გეოგრაფს, ქიმიკოს და ბიოლოგ, ნინო ბაზანოვს.  

როცა დარწმუნდა, რომ საქმე მართლაც უნიკალურ აღმოჩენასთან ჰქონდა, მაშინვე აცნობა სამთავრობო უწყებებს. წერილი მისწერა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. რაიონის ძეგლთა დაცვის უწყების სამსახურმა ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტს შეატყობინა. ადგილზე ჩავიდნენ ისტორიკოსები და გეოგრაფები. მაშინაც სჯეროდა და ახლაც დარწმუნებულია, რომ საქმე ნამდვილად უნიკალურ აღმოჩენასთან გვაქვს. ჰქონდა იმედი, რომ ხანის წყლის პირას არქეოლოგიური გათხრები დაიწყებოდა და საქართველო  მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოექცეოდა. თუმცა, მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. ახლა იტალიიდან ცდილობს საკუთარი აღმოჩენა უცხოელი კოლეგების დახმარებით დაადასტუროს. ნინო ბაზანოვი „პრაიმტაიმს“  ექსკლუზიურად უყვება იმას, რაც აქამდე არავისთვის უთქვამს.

ნინო ბაზანოვი: - ჩემი აღმოჩენის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენე ქალაქ ბაღდათის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, მერი, დეპუტატი, იმერეთის გუბერნატორი. მათთან მქონდა როგორც პირადი, ასევე წერილობითი კონტაქტი, მაგრამ თემა მაინც არ დაიძრა. ეს ადამიანები არიან პირველები, რომლებმაც უნდა მოითხოვონ შესაბამისი უწყებებიდან საკითხის შესწავლა, მაგრამ უშედეგოდ ველოდი... ამ თემით დაინტერესების მიზნით წერილი პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს მივწერე. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დაინტერესდა. ადგილზე იმყოფებოდა ამ უწყების დირექტორის მოადგილე პროფესორი დავით ლომიტაშვილი, რომელმაც თავის დასკვნაში დაწერა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე საქმე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ გეოლოგიასთან  და არცერთ შემთხვევაში განამარხებულ პალეონტოლოგიურ ნაშთებთანო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ადგილზე არანაირი მეცნიერული, ლაბორატორიული ექსპერიმენტული კვლევები არ ჩატარებულა. უბრალოდ ერთი თვალის გადავლებით შეთანხმდნენ და ამბობენ, რომ ეს არის სეპტარია. მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა, აქ საჭიროა არა ისტორიკოსი, არამედ პალეონთოლოგი. მათი ხედვები განსხვავდება და იმიტომ.

- რამდენიმე თვეა რაც ქვეყანა დატოვეთ, ამბობთ, რომ თქვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა საქართველოში...

- გეტყვით, რა პასუხი მომივიდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიიდან და თავად მიიღებთ პასუხს თქვენსავე კითხვაზე.  „რაც შეეხება ქალბატონ ნინო ბაზანოვის ბოლო, 2018 წლის 29 იანვრით დათარიღებული N3630 განცხადებას, სადაც წერს, „ვაგრძელებ მუშაობას , მაგრამ ჩემი რესურსი საკმარისი არ არის კვლევის სისრულეში  მოსაყვანად“, საფრთხის შემცველია.  ის მართლაც მადლობას იმსახურებს ძეგლზე ზრუნვისათვის, თუმცა უმჯობესია მასზე სპეციალისტებმა იზრუნონ. ჩვენთვის გაუგებარია წერილის კატეგორიული ტონი: „გთხოვთ დამეხმაროთ, გამოყოთ სპეციალური შემსწავლელი კომპლექსური კომისია, პალეონთოლოგებით, გეოლოგებით და გეოგრაფებით და არა ისტორიკოსებით“!!! უნდა აღვნიშნო, რომ ხანის წყლის  ხეობის ძველი ქვის ხანის პალეოლითის ძეგლები, ისევე როგორც იქ არსებული მღვიმეები თუ ტერასები, სათანადოდ არ არის შესწავლილი, რაც მომავლის საქმეა. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გურამ ლორთქიფანიძე.“ - ეს არის ამონარიდი წერილიდან, რომელიც გამომიგზავნეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიიდან. ბატონებო, საფრთხის შემცველი ჩემი შრომა კი არ არის, თქვენი უმოქმედობაა. ეს არის ჩემი პასუხი მათთვის. დასკვნა თქვენი მკითხველისთვის მიმინდია. „საფრთხის შემცველია“ ეს ორი სიტყვა ჩემთვის არის დაკაკუნება, ზემოდან კვერთხის დაქნევა ნიშნავს იმას, რომ კეთილი ინებე და დადექი გვერდითო. ამავე წერილში წერს, რომ  ეს ტერიტორია ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლად გამოცხადდესო და მასზე კონტროლი დაეკისროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსო. ამ აღმოჩენიდან სამი წელი გავიდა. რას აკეთებს ბაღდათის მუნიციპალიტეტი,  მხარეთმცოდნეობის მუზეუმი?!

- ახლა რას აპირებთ?

- ვინაიდან მე არ მაქვს ფული, რომ კვლევები საკუთარი სახსრებით წამოვიწყო. ვეცდები ვისწავლო იტალიური. იტალიას პალეონთოლოგიური საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, როგორც ვენეციას ასევე მილანს.  ჩემი ენით მე შევძლო ჩემი სათქმელის გადმოცემა. გავიუმჯობესებ ფინანსურ მდგომარეობას  და ხელს შევუწყობ ამ კვლევებს. აუცილებლად ჩამოვიყვან მეცნიერთა ჯგუფს, რომლებიც გამოიკვლევენ და მსოფლიოს გააცნობენ ამ უნიკალურ აღმოჩენას.  ახლა იცით რა ხდება ხანის წყლის მდინარის პირას, სადაც ეს უნიკალური მასალა ინახება? როდესაც მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობდა, ტრაქტორებმა დააზიანეს, ნადგურდება იქაურობა... მოსახლეობას მიაქვს სახლში მოსაპირკეთებელ მასალად მაგალითად,  ბუხრის ფასადისათის. უკვე სასაფლაოებს აკეთებენ გაქვავებული ცხოველური მასალით. ტერიტორიაზე პატარა თაბახის ფურცლისოდენა ბანერია, სადაც ინგლისურად აქვს გაკეთებულია გამაფრთხილებელი წარწერა. ადგილობრივმა გლეხმა არ უნდა გაიგოს რა წერია იქ?! 

- თქვენ ფირქობთ, რომ ეს აღმოჩენა კულტურის სამინისტროს უნდა, რომ მიიწეროს?

- დიახ. მე კი მომიხსენიონ ამ ადგილზე, როგორც რიგითი გამვლელი.

ნინო ბაზანოვი მოითხოვს, აღნიშნულ ტერიტორიას ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ სამი წლის ის ამტკიცებდა, რომ ხანის წყლის მდინარის პირას რამდენიმე გაქვავებული კუს ნაშთი იყო, ასევე დინოზავრი, დინოზავრის კვერცხები, გიგანტური თევზები და ა.შ.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი