საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას'' მსგავსი ტიპის განცხადების გაკეთების საფუძველი არ აქვს.
,,ვერ გეტყვით თუ აქვს ასეთ განცხადების გაკეთებას რაიმე საფუძველი, მაშინ უნდა იყოს წარმოდგენილი შესაბამისი საფუძველი. ბუნებრივია ჰაერში არ შეიძლება ასეთი განცხადებების გაკეთება, როდესაც მით უმეტეს საქმე ეხება ადამიანის გარდაცვალებას. ამ ორგანიზაციის უსაფუძვლო განცხადებას მიჩვეულნი ვართ,'' - განაცხადა კობახიძემ.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) მიიჩნევს, რომ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირება დირექტორ ია კერზაიას მიმართ პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს.
ორგანიზაციამ სპეციალური ანგარიში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში საქართველოს განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის ინსპექტირების სამსახურის მიერ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების შესახებ წარადგინა.
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის მტკიცებით, ია კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
პედაგოგის შვილი, ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ ია კერზაია რეპრესიებისა და პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.
განათლების სამინისტროს განცხადებით, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე 9-დან 15 ნოემბრის ჩათვლით შემოწმდა. გამოვლინდა ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარიულ-ჰიგიენური მძიმე დარღვევები. დასკვნა კი შემდგომი რეაგირებისთვის სკოლის სამეურვეო საბჭოს გაეგზავნა.
სკოლის დირექტორის, ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ არ მიიღო და ის სკოლის მოქმედი დირექტორი იყო.