უკვე მეორე დღეა სოციალური მუშაკები ქვეყნის მასშტაბით იფიცებიან. ამასობაში კი მათ მოვალეობას სამინისტრო სხვებს ასრულებინებს.
„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, ვის დაევალა გაფიცული სოციალური მუშაკების მოვალეობის შესრულება.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაბამისი უწყების მიერ სოციალური მუშაკის ფუნქციას სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ითავსებენ, მაგალითად: აითი სპეციალისტი, დღის ცენტრის ძიძა, სოციალური აგენტების უფროსი სპეციალისტი და ა.შ.
განმარტებისთვის: სოციალური მუშაკი 29 მიმართულებით მუშაობს. ამ ადამიანებზე შშმ პირები, ძალადობის მსხვერპლი ქალები, მიუსაფარი და მზრუნველობა მოკლებული ბავშვები, ქუჩაში მომუშავე მოზარდები, ე.წ. ქუჩის ბავშვები, უსახლკარო შუა ხნის ადამიანები, ხანდაზმულები, მარტოხელა დედები არიან დამოკიდებული.
სოცმუშაკები სოციალური პოლიტიკისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებენ. იმისათვის, რომ კეთილდღეობის მიღწევის პროგრამაში ჩაერთოს მოქალაქე და გაეწიოს ადექვატური მომსახურება, აუცილებელია კვალიფიციური კადრის კონსულტაცია და ინფორმირებულობა.
როგორც „პრაიმტაიმს“ სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, ისინი ისევ უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირებას ჯანდაცვის სამინისტროში დასაქმებული, აქამდე სხვა პოზიციაზე მომუშავე სოციალური მუშაკები ახდენენ. უწყებაში ამბობენ, რომ სამინისტროს თანამშრომლების ნაწილი რეგიონებში არიან გადანაწილებულები.
თამარ ბუჩუკური