გორის სასამართლოში მალხაზ კობაურისთვის სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართება

07:52 03-27-2019
92

დღეს, გორის რაიონულ სასამართლოში ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურისთვის სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართება.

ნაფიცმა მსაჯულებმა, მალხაზ კობაური სმიტების მკვლელობის საქმეში  დამნაშავედ ცნეს. მას შესაძლოა 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა მიესაჯოს. 

პროკურატურა კობაურის მიმართ სასჯელის უმაღლეს ფორმას- უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. 

კობაური დამნაშავედ ცნეს გაუპატიურებაში, განზრახ მკვლელობაში განსაკუთრებული სისასტიკით, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობაში, განზრახ მკვლელობაში სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით. რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლს, ამ ბრალდებაში მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

გორის სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები მალხაზ კობაურის ვერდიქტზე  4 საათი მსჯელობდნენ. მანამდე მათ, ბრალდების და  დაცვის მხარის სიტყვა მოისმინეს. კობაურს ბრალი  რაიან და ლორა სმიტების და მათი 4 წლის შვილის მკვლელობაში ედება. 

კობაურის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ისინი გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, განაჩენი ცხადყოფს, რომ საზოგადოება ჯერჯერობით  ნაფიცმსაჯულთა ინსტისტუტისთვის  მზად არ არის.

სასამართლო პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული.