პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების მორიგ ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს

11:33 03-27-2019
1602

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების მორიგ ფაქტზე შსს-მ არასრულწლოვანი დააკავა - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა.

„სამწუხაროა, რომ მოზარდია დაკავებული. დეტალებს ბევრს ვერ გეტყვით. სხვა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პროცესი რომ დასრულდება, მეტი დეტალის თქმის საშუალება მექნება.“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

როგორც მეზვრიშვილმა განმარტა, არასრულწლოვანმა ვიდეო "იუთუბზე" ატვირთა და ინტერესი პირადი მოტივი არ ყოფილა.

„მოზარდის მიერ არის ატვირთული ეს ვიდეო. როგორც ჩემთვის ცნობილია, აღიარებს ამ ქმედებას. ინტერესი პირადი თემა არ ყოფილა. ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეა. ვიდეო უბრალოდ „იუთუბზე“ ატვირთა. შემკვეთი ამ ეტაპზე არ იკვეთება. შსს-ს გვაკისრია ჩვენი ვალდებულება, რომ დანაშაული როგორც კი მოხდება, დროულად აღვკვეთოთ.“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმის გამოძიების ფარგლებში შსს-მ არაერთი პირი დააკავა.

„სამწუხაროა, რომ საზოგადოების გარკვეული წრეებისა და მათ შორის პოლიტიკური პარტიებიდანაც ის მოწოდებები, რომ თითქოს, რაღაც ქმედებები არ უნდა ისჯებოდეს, თითქოს გადაგზავნა უფრო ნაკლები დანაშაულია, ვიდრე „იუთუბზე“ ატვირთვა. პასუხისმგებლობას ვიზიარებთ. ამ ადამიანებმაც კარგად უნდა გააცნობიერონ, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, ეს შეიძლება, აღმოჩნდეს დანაშაულის წახალისების მიზეზი.“ – განაცხადა მეზვრიშვილმა.