რა შესაძლებლობები აქვს რეგიონულ ჰოსპიტალს მაღალტექნოლოგიური რადიოლოგიური კვლევების დროს? რა დანიშნულება აქვს მათ ? რა შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული რადიოლოგიური კვლევების გამოყენება?
ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე პრაიმტაიმი რეგიონული ჰოსპიტალის რადიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელს, მედიცინის დოქტორს ნიკოლოზ საინიშვილს ესაუბრა, რომელსაც 25 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს რადიოლოგიასა და ნეიროქირურგიაში.
ნიკოლოზ საინიშვილი: „დიაგნოზი არის მკურნალობის პირველი ეტაპი. სწორი დიაგნოზი სწორი მკურნალობის საწინდარია. შესაბამისად, დროული დიაგნოსტიკა მკურნალობის კეთილსაიმედო გამოსავალს ეხმარება. რეგიონულ ჰოსპიტალში სრულდება კლასიკური რენტგენოლოგიიდან დაწყებული მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის ჩათვლით, ყველა სახის რადიოლოგიური კვლევა(მამოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია). ყველა ჩამოთვლილი კვლევის მეთოდის შემქნელს, სხვადასხვა დროს, ამისათვის მიღებული აქვს ნობელის პრემია”.
- რამდენად უვნებელია რადიოლოგიური გამოკვლევები ადამიანის ჯანმრთელობისთვის?
- მამოგრაფია სარძევე ჯირკვლის გამოკვლევის რენტგენული მეთოდია; იგი კვლევის საუკეთესო საშუალებაა, რომელიც ფართოდ გამოიყენება ძუძუს კიბოს ნაადრევ ეტაპზე გამოსავლენად. მამოგრაფიული გამოკვლევის დროს სხივური ზემოქმედება მინიმალურია. ამ კვლევის საშუალებით შესაძლებელია ძუძუში მცირე ზომის წარმონაქმნის აღმოჩენა; აგრეთვე, აღნიშნული კვლევის მეთოდი გამოიყენება დიაგნოზის დიფერენცირებისათვის.
აღნიშნული კვლევის მეთოდი ყველა ჯანმრთელი ქალბატონისთვის წარმოადგენს სკრინინგულ მეთოდს. სასურველია, ყველა ქალბატონმა პრე და პოსტ-მენოპაუზიურ პერიოდში მამოგრაფია ჩაიტაროს, რათა ყველა სახიფათო დაავადება თავიდან იქნეს აცილებული.
- რა შემთხვევაში გამოიყენება კომპიუტერული ტომოგრაფია და რა დანიშნულება აქვს მას?
- კომპიუტერული ტომოგრაფია უამრავი დაავადებისა და პათოლოგიური მდგომარეობის გამოსავლენად და მონიტორინგისთვის გამოიყენება. კომპიუტერულ ტომოგრაფიის კვლევას მიმართავენ შემდეგი მიზნით: ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის. კერძოდ: ფილტვების, ღვიძლის, ელენთის, საშარდე სისტემის, თირკმელზედა ჯირკვლებისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მილოვანი სეგმენტის, ძვლოვანი სისტემის დაზიანებების გამოვლენისა და მეთვალყურეობის მიზნით. აგრეთვე, გამოიყენება მწვავე დაზიანებების დიაგნოსტიკისათვის. მაგ: მძიმე ტრავმები, რომლის დროსაც გამოკვლევის ეს მეთოდი პრაქტიკულად შეუცვლელია, ვინაიდან საშუალებას გვაძლევს, დროის მოკლე მონაკვეთში შეფასდეს სხვადასხვა ორგანოების თანადროული დაზიანება და დაზიანებების სიმძიმე. აღნიშნული გამოკვლევის შედეგების მიხედვით შესაძლებელია, განისაზღვროს მკურნალობის ტაქტიკაც, რაც გამოჯანმრთელების აუცილებელი წინაპირობაა. აღსანიშნავია, რომ დიაგნოსტიკის ეს მეთოდი შეუცვლელია გეგმიური გამოკვლევების დროს. მაგ: ფილტვის გამოკვლევის დროს დღესაც ოქროს სტანდარტად ითვლება. თუმცა, სხივური დატვირთვა მაინც არსებობს და ზოგიერთ შემთხვევაში შეზღუდულად ან საერთოდ არ გამოიყენება - მაგ.ორსულობისას.
- მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის დანიშნულება რა არის?
- მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია არის არაინვაზიური ტექნოლოგია, რომელიც აწარმოებს სამგანზომილებიან, დეტალურ ანატომიურ გამოსახულებას. მაგნიტო-რეზონანსული კვლევა არ გულისხმობს სხივურ დატვირთვას და უვნებელია ყველა რეციპიენტისთვის, გარდა მაგნიტური იმპლანტების(მაგ. გულის რითმის ხელოვნური წამყვანი) მქონე პეციენტებისთვის. კვლევა უსაფრთხოა ორსულობისას. შესაძლებელია ასევე ნაყოფის კვლევაც მუცლადყოფნისას, სხვადასხვა ანომალიების დასაზუსტებლად. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია საუკეთესოა ნევროლოგიური, ორთოპედიული, ანგიოლოგიური, ონკოლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებების გამოვლენისთვის. ის სასარგებლოა თავისა და ზურგის ტვინის, კუნთების, მყესის გამოსაკვლევად. სწორედ ამიტომ, მუხლისა და მხრის ტრავმის შემთხვევაში უპირატესობას ანიჭებენ მაგნიტო–რეზონანსულ ტომოგრაფიას.
ხშირად ვიყენებთ მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიას სხვადასხვა ლოკალიზაციის სიმსივნისა და სისხლძარღვოვანი ანევრიზმის დიაგნოსტირებისთვის. ამ დაავადებების ადრეული გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელია მათი წარმატებული მკურნალობა.
- რა უპირატესობა გააჩნია რეგიონულ ჰოსპიტალს დიაგნოსტიკური კვლევების მიმართულებით?
- რეგიონული ჰოსპიტალი ყოველთვის ორიენტირებულია პაციენტზე, რომ მათ მიიღონ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება ერთ სივრცეში. ჩვენ ვთავაზობთ პაციენტებს დიაგნოსტიკური კვლევებს და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს მაღალი სტანდარტით. ზემოთ აღნიშნული ყველა კვლევა რეგიონულ ჰოსპიტალში რუტინულად სრულდება 24/7 რეჟიმში. ჩვენი მთავარი უპირატესობა გახლავთ, ის რომ ჩატარებული დიაგნოსტიკური მონაცემები გამოცდილი რადიოლოგების მულტიპროფილურ გუნდთან ერთად განიხილება.