საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს მიმართავს. მას მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს, როდესაც სოციალურ მუშაკებზეა საუბარი. „პრაიმტაიმი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„ქალბატონო სოფიო, ძალიან დასაფასებელია თქვენი დაინტერესება სოციალური მუშაობის პროფესიასთან დაკავშირებით. როგორც თქვენ აღნიშნავთ, „ეს არის თავისი შინაარსით და არსით უმნიშვნელოვანესი პროფესია, იმიტომ რომ ყველაზე დაჩაგრული ადამიანების თვითრეალიზაციას და გაძლიერებას ემსახურება და ემსახურება ამით ჩვენი საზოგადოების გაძლიერებას”. თქვენ რომ ნამდვილად გჯეროდეთ თქვენი სიტყვების, მაშინ იმასაც მიხვდებოდით, თუ რა განსხვავებაა დღევანდელ დაკონტრაქტებულ „სოციალურ მუშაკებს“ და „2 კვირის წინანდელ“ პროფესიონალებს შორის. ის სოციალური მუშაკები, რომლებსაც შესააძლოა აკადემიური განათლება არ აქვთ სოციალურ მუშაობაში, რაზეც თქვენ აკეთებთ აქცენტირებას, არიან ის სოციალური მუშაკები, რომლებმაც დაიწყეს ამ საქმის კეთება, როცა არ არსებობდა სოციალური მუშაობის განათლება საქართველოში, მათ აქვთ დიდი გამოცდილება, მზაობა ისწავლონ და განვითარდნენ, შემართება და ენთუზიაზმი, პროფესიული ღირებულებები და ასე „ხელაღებით“ მათი მოხსენება, წესით ძალინ უხერხულობას უნდა იწვევდეს თქვენში. თქვენი ასეთი გამონათქვამები რბილად რომ ვთქვათ სოციალური სამუშაოს პროფესიის დაკნინებაა და იმ მახინჯ პრაქტიკას ამართლებს, რასაც ჰქვია ადამიანების აბუჩად აგდება.
სოციალური მუშაკები იმიტომ იფიცებიან, რომ არ ეძლევათ თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება და ვერ ახერხებენ თქვენი „დაუღალავი შრომის“ შედეგად და „ევროპული ღირებულებების კვალდაკვალ“ მიღებული კანონის აღსრულებას. სოციალური მუშაკები მოითხოვენ იმას, რომ შეიქმნას ბენეფიციარების საჭიროებებზე მორგებული ფსიქო-სოციალური მომსახურებები და შეძლონ პროფესიული ზრდა. სწორი პრიორიტეტები რომ ჰქონოდა სახელმწიფოს, დღეს ეს გაფიცვა საჭირო არ იქნებოდა და შესაბამის რესურსებს მოიძიებდით. დარწმუნეული ვართ, თქვენ ამას შეძლებდით!
ასევე, შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავჯდომარე მეტ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს დაუცველი ბენეფიციარების საჭიროებების დამცველი სოციალური მუშაკების დასაცავად! - ნათქვამია საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უკვე მეოთხე დღეა რაც ქვეყნის მასშტაბით სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული ყველა სოციალური მუშაკი გაფიცულია. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ბენეფიციარებისთვის ეფექტიანი და მყისიერი მომსახურებების შექმნას ითხოვენ.