საქართველოს პირველი პრეზიდენტის საიუბილეო თარიღი სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება

09:16 03-31-2019
71

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 28 წელი გავიდა. 3,672,403 ამომრჩევლიდან 3,295,493-მა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.

დღესვე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, რომელსაც 80 წელი შეუსრულდებოდა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილე დღეს სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო სპეციალურად შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, რომლის შემადგენლობაშიც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიოდნენ.

კომისიის გადაწყვეტილებით, დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყობა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ზვიად გამსახურდიას ნაშრომები, ინტერვიუები, ფოტოები, წიგნები; გამოფენას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესა და თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად დაათვალიერებს.

ასევე, განათლების სამინისტრო, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან ერთად, ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის აწესებს ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიას, რომელიც ყოველწლიურად 31 მარტს გაიცემა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ზუგდიდში ააშენებს ახალ ბიბლიოთეკას, რომელსაც მიენიჭება საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელი და ამავე დროს, ქვეყნის ყველა რეგიონში გაიმართება ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები.

დღეს, 18:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფოსტამ ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით საფოსტო მარკა გამოუშვა.