„ყველაზე დიდი, შესაძლოა, ერთადერთი წარმატება, 31 მარტის რეფერენდუმია, რომელიც ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ჩათვლით და სამართლიანად აისახა საქართველოს მოქმედ კონსტიტუციაში.“ - ასე აფასებს ისტორიკოსი და ანალიტიკოსი დავით გამცემლიძე საქართველოს პირველი პრეზიდენტის პოლიტიკურ მოღვაწეობას.
ისტორიკოსი პრეზიდენტის შეცდომებზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი განმარტებით შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს ის:
„რომ ზვიად გამსახურდიამ მიიღო მონაწილეობა 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში და ამით შევიდა მახეში, რომელიც მას კრემლმა დაუგო - იკისრა პასუხისმგებლობა იმ პრობლემებზე, იმ „შეყოვნებული მოქმედების ნაღმების“ აფეთქებაზე (ეთნოკონფლიქტებიდან - სოციალურ პრობლემებამდე), რომელიც არც ეროვნულ მოძრაობას და არც პირადად მას არ ჩაუდია საქართველოს ეროვნულ სხეულში.
ამ შეცდომით ისარგებლა ყოფილმა კომუნისტურმა ნომენკლატურამ და კრიმინალურ სუბკულტურასთან კავშირში, სასარგებლო იდიოტების გამოყენებით, დაამხო კანონიერად არჩეული ხელისუფლება. არადა, ეროვნულ მოძრაობაში იყვნენ ძალები (უპირველესად გია ჭანტურია), რომლებიც ზვიადს აფრთხილებდნენ, არ შესულიყო ამ მახეში.
მეორე, ძალიან სერიოზული შეცდომა იყო, ის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ზვიად გამსახურდიამ არ შეცვალა „დისიდენტური“, უკომპრომისო, მაქსიმალისტური რიტორიკა და არ/ვერ შეიარაღდა პოლიტიკური ტექნოლოგიით, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ნებისმიერი პოლიტიკოსის, მით უმეტეს, ხელისუფალისთვის როგორც საგარეო, ასევე საშინაო მიმართულებით.
მესამე, კატასტროფული შეცდომები საკადრო სფეროში: უპასუხისმგებლო და მოკრიმინალო პერსონაჟების დანიშვნა საკვანძო თანამდებობებზე, მათ შორის ძალისმიერ სტრუქტურებშიც“ - ამბობს დავით გამცემლიძე „პრაიმტაიმთან“ საუბარში.