ძალიან უხერხული მდგომარეობა შეიქმნა, როდესაც ფაქტობრივად, დაუძახეს ადამიანებს (ვენეციის კომისიას) და გადაწყვეტილება დაახვედრეს, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა, ვენეციის კომისიის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ,,ქართულმა ოცნებამ'' ძალიან საშიში და სახიფათო პროცესი წამოიწყო.
,,პროცესი საინტერესო და მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ კონტექსტს, თუ რატომ მოხდა დღეს ამ ადამიანებთან შეხვედრა. ისინი მოიწვია პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგრამ ძალიან უხერხული მდგომარეობა შეიქმნა, როდესაც ფაქტობრივად, დაუძახეს ადამიანებს და გადაწყვეტილება დაახვედრეს. რა თქმა უნდა, ამას ისინი ღიად არ აფიქსირებენ, მაგრამ დიდი უხერხულობის გრძნობას უტოვებს. ჩვენთვის ეს პროცესი, რომელსაც აწარმოებს უმრავლესობა, არასწორია და მიმართულია ხელისუფლების მიერ სასამართლო ხელისუფლების გაკონტროლებისაკენ. ეს არის ნაბიჯი და სურვილი გაკონტროლდეს სასამართლო ხელისუფლება დაახლოებით ისე, როგორც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი აკონტროლებდა სასამართლო ხელისუფლებას'',- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
პარლამენტი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დელეგაციას უკვე შეხვდა. შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე იმსჯელეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიის წევრებს მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტით გათვალისწინებული სიახლეები და პროცედურა დეტალურად გააცნო.
ვენეციის კომისიის წარმომადგენლები შეხვედრას „ევროპული საქართველოს“ წევრებთანაც გამართავენ.
„ევროპული საქართველო“ ვენეციის კომისიის ექსპერტებს პირველ რიგში აუხსნის იმ ვითარებას, რომელიც ჩვენ გვაქვს მართლმსაჯულების სისტემაში. ის, რომ სისტემას მართავს ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფი კლანი, რომელმაც დეკემბერში პრაქტიკულად საკუთარი თავის ილუსტრაცია მოახდინა, როდესაც ის ათკაციანი სია გადმოუგდო პარლამენტს. ჩვენ შევთავაზებთ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას და ხედვას, თუ როგორ უნდა მოგვარდეს აღნიშნული საკითხი“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.