სანამ ხელისუფლება და ხალხი შიდა ქართლში, ან ენგურისპირა სოფლებიდან ადამიანების გატაცების ფაქტებს აპროტესტებენ, ყურადღების მიღმა რჩება სხვა კონფლიქტისპირა სოფლები, სადაც მოსახლეობა იგივე პრობლემის წინაშე დგას, მაგრამ ასეთი ფაქტები, რატომღაც არ ხმაურდება.
დუშეთის რაიონში მდებარე სოფელი გრემისხევი ბოლო დასახლებული წერტილია კონფლიქტის ხაზთან. შემდეგ უკვე ოკუპირებული ახალგორის სოფლები იწყება. გზის უქონლობის გამო, გრემისხევი ნელ-ნელა იცლება.
„პრაიმტაიმი“ ამ სოფლიდან რეპორტაჟს გთავაზობთ:
„ციხის უბნის“ მკვიდრი, ზურაბ ბადაგაძე ამბობს, რომ მოსახლეობამ დახმარებისთვის ადგილობრივ მუნიციპალიტეტს არაერთხელ მიმართა, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა.
ზურაბ ბადაგაძე: „2005 წლამდე, სოფლის დეპუტატი ვიყავი, მაშინ გრემისხევი, უკვე დაყოფილი იყო. ამჟამად ერთი სოფელი დაყოფილია 12 სოფლად. ახლა, სამს მაღალი მთის სტატუსი არ აქვს. არადა გეოგრაფიულად ჩვენი მხარე ზღვის დონიდან უფრო მაღლა მდებარეობს, ვიდრე გაღმა სოფლები, რომლებიც მაღალი მთის ზონას ეკუთვნიან. როცა კითხვებს ვსვამთ, ყოველ ჯერზე, მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ არჩევნები ჩაივლის და მოგანიჭებთ სტატუსსო, მაგრამ ეს დრო ჯერ არ დამდgარა. ადრე სოფელ გრემისხევში 250 კომლი ცხოვრობდა. სახლები ახლაც დგას, კომლად ითვლება, მაგრამ მაცხოვრებელი აღარ არის. მარტო ჩვენს უბანში 25 სახლია და აქედან 20 დაკეტილია. ზევით უბანშიც ასეა და მთელ სოფელშიც. თითო-ოროლა ახალგაზრდა შემორჩა და ესენიც გარბიან. ბოლო ხუთი წელია, სოფელს მოსახლეობა მასიურად ტოვებს. აქ გზის პრობლემაც არის, არასდროს ყოფილა ასფალტი. როცა წვიმს ავტომობილით სიარული შეუძლებელია ტალახის გამო. სოფელში არ დადის ავტობუსი. ერთი მიკროავტობუსია, რომელიც თავის ნებაზე დადის დუშეთამდე, როცა უნდა დადის, როცა არ უნდა - არა. მგზავრები არ მყავსო, ამბობენ... როცა ადგილობრივ მოსახლეობას რაიონში წასვლა უნდა, ვერ მიდიან.“ - ამბობს ზურაბ ბადაგაძე.
ვალერი გაგელიძის თქმით კი, ზამთარში, უამინდობის დროს სოფელში მისასვლელ გზაზე, მთიდან მეწყერი ჩამოდის და სანამ არ გაწმენდენ, გარესამყაროსგან მოწყვეტილები არიან.
„სოფლის შემოსასვლელთან ერთ ადგილას, ზამთარში მეწყერი ხშირად ჩამოდის, მაშინ სოფელი გარესამყაროს წყდება. გატანჯულები ვართ ამით. სამი შვილი მყავს, უფროსი თბილისშია წასული სამუშაოდ. აქ რა გააკეთოს?! პატარები სოფელში არიან, ცეკვის და სიმღერის წრეებიც არ არის, რომ ბავშვები შეიყვანო. მოვლენ პედაგოგები, გააკეთებენ ანსამბლებს, მერე უგზოობის გამო აღარ მოდიან. “
სხვა პრობლემებთან ერთად აქაურები, საწრაფო დახმარების ხელმიუწვდომლობაზეც გამოთქვამენ პრეტენზიას.
ომარ ხარშილაძე: თავს მიტოვებულებად ვგრძნობთ, ჩვენი დახმარება არც გამგეობას შეუძლია და არც მთავრობას. ძალიან უჭირს სოფელს. მართალია, გრემისხევში ამბულატორია გვაქვს და ექთანიც არის, მაგრამ როცა ვინმე ცუდად ხდება და სასწრაფოს ვიძახებთ, აგვიანდება ამოსვლა უგზოობის გამო. ამას წინათაც ცუდად გახდა ადამიანი და რომ არა ჩვენი ექთანი, ალბათ სასწრაფო ვერ მოუსწრებდა. ამ პრობლემებზე სასაუბროდ, როცა რაიონში ჩავდივართ და ხელმძღვანელობას ვესაუბრებით, ვიღებთ დაპირებას, მაგრამ მერე ქარი წაიღებს ხოლმე მათ სიტყვებს. პატრონი არ გვყავს.“ - გვიყვება ომარ ხარშილაძე.
გაჭირვებასთან ერთად, აქაურებს მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ ოკუპანტები. რუსი სამხედროები ადგილობრივებს ხშირად აკავებენ და ცხინვალის იზოლატორში გადაჰყავთ. ერთ-ერთი ასეთი ბოლო შემთხვევა ერთი თვის წინ მოხდა.
შენგელი ბეჟიტაშვილი: „უსაფრთხოდ როგორ ვიქნებით, ყოველ წუთს გვეშინია ოკუპანტების. გაღმა უბანში ქალი დაიღუპა და სოფლის სასაფლაოზე იმიტომ ვერ დაასაფლავეს, რომ ე.წ. საზღვართან ახლოს მდებარეობს. საფლავს, რომ თხრიდნენ გარდაცვლილის სიძე და მისი ორი ახლობელი დაიჭირეს. წაიყვანეს ცხინვალში. გარდაცვლილი ქალი მეორე სოფელში დაკრძალეს. ამის გამო, სოფელში ახალი სასაფლაო გააკეთეს. საგვარეულო სალოცავი გვქონდა და ვერ გადავდივართ, რუსების მხარეს მოხვდა. გაღმა სოფელში სამი-ოთხი სახლიც იმათ მხარეს მოხვდა. ბოლოს ერთი თვის წინ დაიჭირეს პატარა ბიჭი, რომელიც საქონელს მწყემსავდა. მერე საქონლის მეპატრონემ გადაიხადა გამოსასყიდი და ოთხი-ხუთი დღის მერე გაათავისუფლეს. სოფელში იშვიათად ამოდის პატრული. აქ არაა ბლოკ-პოსტი.“
პარლამენტარმა, ზაქარია ქუცნაშვილმა „პრაიმტაიმთან“ საუბარში განცხადა, რომ გარკვეული პრობლემები სოფლებში მოგვარდა, თუმცა ჯერ კიდევ არის საკითხები, რომელიც უახლოეს პერიოდში მოგვარდება.
ზაქარია ქუცნაშვილი: “სამწუხაროდ, გრემისხეველების პრეტენზიების დიდი ნაწილი სწორია. არ უვარგათ მუნიციპალიტეტის ცენტრთან დამაკავშირებელი გზა, ისინი ითხოვენ ყურადღებას, როგორც ოკუპირებული ტერიტორიების მომიჯნავე დასახლებები. ასევე, გრემისხევის სამ სოფელს არ აქვს მაღალი მთიანი დასახლების სტატუსი, რომელიც წელს ექნებათ. ბოლო ორი წლის განმავლობაში დაინიშნა იაფფასიანი მუნიციპალური ტრანსპორტი 1 ლარის ღირებულებით. წყლისა და ელექტროენერგიის მომარაგება ნაწილობრივ გაუმჯობესდა. მივმართე მუნიციპალური განვითარების ფონდს გზის პრობლემის მოგვარებაზე და ვთხოვე, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე დასახლება პრიორიტეტულად განეხილათ. დაწყებულია მონაცემების შეგროვება, საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა პროექტის განხორციელება ჯერ არ დაწყებულა. სოციალური დახმარების გარეშე გრემისხეველების დახმარებას ადგილზე ვერ შევძლებთ. აუცილებელია, გრემისხევის დაცლისგან გადარჩენა და ამისათვის სოციალური პაკეტი მზადდება. აუცილებლად გადავამოწმებ ინფორმაციას თვითნებურად დანიშნული ე.წ. რეისების შესახებ. თუ მძღოლები თავად წყვეტენ იმუშაონ თუ არა, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს სერიოზული დარღვევაა და თუ ამ გარემოებას აქვს ადგილი, მოგვიწევს ახალი მძღოლის აყვანა, რადგან მუნიციპალური ტრანსპორტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ორ და ორას მგზავრს ერთნაირად უნდა მოემსახუროს.