სოციალური მომსახურების სააგენტომ საპილოტე პროგრამა წამოიწყო. უწყების ინიციატივით, იანვრიდან სოციალურად დაუცველი ის ოჯახები, სადაც არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ, დაპირებისამებრ გაზრდილ ფულად დახმარებას, 50 ლარს იღებენ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ამ ინიციატივამ, სოციალური ქსელის მომხმარებლებს შორის დაბნეულობა გამოიწვია. ზოგი წერს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახები მოტყებული არიან და დახმარების თანხით სრულად ვერ სარგებლობენ. ზოგიერთებიც - კონკრეტულ მაღაზიათა ქსელს ასახელებენ, სადაც დარიცხული თანხის ნაწილის გახარჯვაა შესაძლებელი.
„პრაიმტაიმი“ უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სამსახურის წარმომადგენელმა მარიკა მათიაშვილმა განმარტა, პროგრამა სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს. წინასწარ შერჩეულ რამდენიმე რაიონში სოციალურად დაუცველ ოჯახებს აღნიშნული თანხიდან 20 ლარის განაღდების შესაძლებლობა ეძლევათ, ხოლო დარჩენილ 30 ლარს სურსათის ნებისმიერ მაღაზიაში გახარჯავენ.
„ერთი თვის განმავლობაში დააკვირდებიან რომელი გზა უფრო ხელსაყრელია სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის. მთლიანად ხელზე თანხის გაცემის შესაძლებლობა, თუ თანხის ნაწილის გახარჯვა მაღაზიებში, რათა ფული ბავშვებისათვის საჭირო პროდუქტების გარანტირებულად შეძენას მოხმარდეს. მონიტორინგისა და შეფასების შემდეგ გადაწყდება, რომელი უფრო ხელსაყრელია და საბოლოოდ ის დარჩება“ - აღნიშნა პრაიმტაიმთან საუბარში მარიკა მათიაშვილმა.
ავტორი: თამარ ბუჩუკური