დღეს სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს და სამუშაოს დაუბრუნდნენ. როგორც, საინიციატივო ჯგუფის აქტივისტმა, მარიამ ბანძავამ „პრაიმტაიმს“ განუცხადა, პარლამენტში სოციალური მუშაკები თავიანთი მოთხოვნების შესრულების გეგმის განხილვას ელოდებიან. სამუშაო ფორმატში საპარლამენტო შეხვედრა 15 აპრილს შედგება.
„აუცილებლად მივადევნებთ თვალს, როგორ წავა სამუშაო პროცესი. სამოქმომედო გეგმა შედგენილია და მონიტორინგს გავუწევთ შესრულების ვადებს. დღეს ვგეგმავთ, სოციალურ მუშაკთა ასოციაციაში პრესკონფერენციის გამართვას და საზოგადოების ინფორმირებულობას უზრუნველვყოფთ“ - განაცხადა მარიამ ბანძავამ.
„პრაიმტაიმი“ ერთ-ერთ სოციალურ მუშაკს დაუკავშირდა. მის სახელსა და გვარს მისივე თხოვნით არ ვასახელებთ.
„დღეს სამუშაო ადგილებს დავუბრუნდით თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო უწყებებს მივცემთ უფლებას ისევ დროში გაგვიწელონ, ან არ შეასრულონ ის მოთხოვნები, რომლებიც გვაქვს. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მოწყვლად ჯგუფს, სოციალურად დაუცველ ადამიანებს და ხანგრძლივად ვერ დავტოვეთ ყურადღების მიღმა. თუ ჩვენი ზემდგომები შეეცდებიან, მომავალ წლებში გაწერონ ჩვენს მოთხოვნებზე შესრულების ვადები და ვერ დავინახავთ მყისიერ რეაგირებას, ისევ დავუბრუნდებით გაფიცვისა და საპროტესტო ფორმატს.
შეგახსენებთ, სოციალური მუშაკები გაიფიცნენ და საპროტესტო აქციებს მართავდნენ. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ღირსეული სამუშაო პირობების შექმნასა და ბენეფიციარებისათვის აუცილებელი სერვისების დანერგვას მოითხოვდნენ.
ავტორი: თამარ ბუჩუკური