გარდაცვლილი 4 წლის გოგონას ძმაც სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლია - ბრალდბეული დედის საქმე

13:07 04-03-2019
1653

4 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ ლელა ქსოვრელის მიმართ კიდევ ერთ მცირეწლოვან შვილთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. პროკურორის თქმით, გარდაცვლილი 4 წლის გოგონას ძმასაც სავარაუდოდ აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, რის შესახებ გამოძიება ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებული ლელა ქსოვრელის საქმეზე დღეს პირველი არსებითი განხილვა იმართება. პროკურორ ლევან ჟორჟოლიანის თქმით, დღეს დაიკითხება დაახლოებით 70 მოწმე. 

ლევან ჟორჟოლიანი: „დღეს დაიწყება არსებითი განხილვა, მოგვეცემა შესაძლებლობა, შესავალი სიტყვები წარმოვადგინოთ. ამის შემდეგ იქნება მტკიცებულებების გამოკვლევა. ჩვენ დავიწყებთ მოწმეების დაკითხვით, რომლებიც საკმაოდ ბევრია. საქმე ხუთი ტომია მოწმეები დაახლოებით 70. ყურადღებას გავამახვილებთ პირდაპირ ძირითად მტკიცებულებებს და იმაზე, თუ რის საფუძველზე ვაპირებთ, სასამართლო დავარწმუნოთ ლელა ქსოვრელის ბრალეულობაში. ექსპერტიზა ადასტურებს, რომ ბავშვს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა სხეულის სხვადასხვა ადგილებში. ლელა ქსოვრელის შერაცხადობაზე ექსპერტიზა დანიშნულია“,

22 იანვარს გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას, ლელა ქსოვრელს ბრალად ედება 117-ე მუხლის მე-6 ნაწილი, რაც გულისხმობს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც არასრულწლოვნის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ლელა ქსოვრელს ბრალი დაუმძიმდა.