რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა ჯანდაცვის სისტემით? - კვლევის შედეგები

13:50 04-03-2019
33

საქართველოს მოსახლეობის 9% ქვეყნის ჯანდაცვის სისტემით ძალიან კმაყოფილია, ხოლო მოსახლეობის 40,6% უფრო კმაყოფილია, ვიდრე უკმაყოფილო. ამის შესახებ კავკსაიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევაშია საუბარი. კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 72% საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობს, ხოლო 11%-ს კერძო დაზღვევა აქვს. 

გეოგრაფიულ ჭრილში, დედაქალაქის მოსახლეობის 18,7%, ხოლო რეგიონების მაცხოვრებელთა 7,2% სარგებლობს კერძო დაზღვევით. საქართველოს მოსახლეობის 48% კონსულტაციის მიღების მიზნით ოჯახის ექიმს მიმართავს, 26,3% - ვიწრო სპეციალიზაციის ექიმს, ხოლო 18,3% - აფთიაქს. 

კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოკითხა. ისინი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩაერთნენ. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, თუმცა თითეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და, შესაძლოა, ის არ ემთხვეოდეს საშუალო დადგენილ ზღვარს. 

საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“,  ფონდის „ღია საზოგადოება საქართველო”  და საერთაშორისო ორგანიზაციის IDEA მიერ ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა.