დავით კირკიტაძის დღევანდელ სასამართლო პროცესს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ეხმიანება - „საბჭოთა კავშირში დავიბადე და ამაზე ამაზრზენი სპექტაკლი არ მინახავს“. მოსამართლის გადაწყვეტილებით მომდევნო სასამართლო სხდომები დაიხურება. ვაშაძე ამ გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ სამარცხვინო საქციელია.
„ეს ბიოლოგიური არსება უვადო მოსამართლედ დანიშნეს. როგორ ფიქრობთ, სირცხვილი არ არის? პროკურორი კიდევ ეხვეწება მოწმეს, თქვი რაც ჩვენებაში აღწერილი გაქვსო, არ ახსოვს იმ საწყალს კაცს, იწურება ოფლში და არ იცის რა თქვას. არც ხელისუფლება გვყავს ბატონებო, მომილოცია! გვყავს ივანიშვილი, რომელიც ახლა სამეგრელოს შემოივლის, ინვესტიციებს განახორციელებს, რადგან ეშინია და ღამე არ სძინავს, იმიტომ რომ წუთები აქვს დათვლილი მას და მის ხელისუფლებას. ეს არის თურმე მესამე ტალღა რეფორმების და მეოთხეზე ალბათ, ხალხს კედელთან დახვრეტავენ, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურებრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.