ირაკლი კობახიძე - ეს კანონი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მძიმე სურათზე მიუთითებს

14:08 04-05-2019
30

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე, სიკვდილით დასჯის შემოღების შესახებ, მედიასთან კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით ეს კანონი იმ მძიმე ვითარებაზე მიუთითებს, რომელშიც დამნაშავე ჩრდილოელი მეზობელია.

„ეს არის არალეგიტიმური ორგანოს არალეგიტიმური გადაწყვეტილება და შესაბამისად, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არასწორი იქნება. აღნიშნული კანონის მიღება მიუთითებს იმ ძალიან მძიმე სურათზე, რომელიც არის ჩამოყალიბებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამაში მთავარი დამნაშავე არის, რა თქმა უნდა, ჩრდილოელი მეზობელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გავრცელებისთვის სამუდამო პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. აღნიშნული მუხლით გასამართლებულები შეწყალებას არ დაექვემდებარებიან.