ხარაგაული ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მუშაობას იწყებს

14:40 04-05-2019
125

ხარაგაული ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მუშაობას იწყებს - ამის შესახებ  დღევანდელ შეხვედრაზე ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ისაუბრეს. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) კლუბში ოფიციალურად გაწევრიანდა. სწორედ ამ კლუბის მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების წახალისება და მათი ტექნიკური უნარების გაუმჯობესება, რათა ეფექტურად განახორციელონ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა. 


„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) მიზნად ისახავს ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (EaP), რომელიც აქტიურად შეუწყობს ხელს ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას რეგიონში. 

მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, ჯაბა ბერაძის განმარტებით, პირველ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი ინფორმაციის მომზადება, რომლის მიზანიცაა გავიგოთ რა გამოწვევები არსებობს მუნიციპალიტეტის წინაშე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მხრივ. 

ნიკოლოზ თოფურიძე სამსახურის თანამშრომლებს  კლუბის გეგმებისა და ინიციატივების შესახებ ესაუბრა და თითოეულ მათგანს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავებაში თანაბარი მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კლუბის უახლოესი მიზანია უზრუნველყოფილ იქნას ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ხელსაყრელი პირობების შექმნა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თანამონაწილეობის, საზოგადოების კეთილდღეობის მიღწევისა და ცხოვრების დონის ამაღლებისათვის, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, განვითარებასა და დასაქმებას;

კლუბში გაწევრიანებულია ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ჯაბა ბერაძე.