მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა და “ქართული ოცნების” ყოფილმა მხარდამჭერმა დავით მაღრაძემ, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 13 აპრილს 14:00 საათზე, ფართომასშტაბიანი საგანგებო შეკრება დააანონსა. მაღრაძის განცხადებით, დასწრება თავისუფალი იქნება და ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მისვლა.
“მათ ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს ხვალინდელი დღე გასათავისუფლებელია ივანიშვილ-სააკაშვილის უკვე უსაფუძვლო და უსაგნო დაპირისპირებისაგან, რომელიც მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლის ველად გადაიქცა და დაცლილია ზნეობრივი შინაარსისგან, შემოგვიერთდით 13 აპრილს, ორ საათზე ფილარმონიაში „დაიცავი საქართველოს“ საგანგებო შეხვედრაზე. მათ, ვისაც მიაჩნია, რომ „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის მორალური ზღვარი წაიშალა და დაპირისპირებაც აღარ არის ღირებულების საფუძველი, შემოგვიერთდით 13 აპრილს. მათ, ვინც განსაცდელში ინარჩუნებდით ღირსებას და მათ, ვინც მომავალში ღირსებით ცხოვრებას აპირებთ, შემოგვიერთდით 13 აპრილს, ორ საათზე ფილარმონიაში „დაიცავი საქართველოს“ საგანგებო შეკრებაზე, „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულს უარყოფს, ოცნებამ კი მომავალი უარყო. შევეცადოთ შევქმნათ ასპარეზი ახალი ქართული მომავლისთვის, რომელსაც მეხსიერეაც ექნება და პერსპექტივაც. ეს არ არის მხოლოდ საორგანიზაციო შეკრება ჩვენი მოძრაობის, ჩვენ ვიწვევთ ფართო საზოგადოებას 13 აპრილს ფილარმონიაში. განსაკუთრებით მინდა ყურადღებით მოეკიდოს ჩვენი ახალგაზრდობა, ვინაიდან წარმომიდგენია ეს მოძრაობა, როგორც თავისუფლებისათვის ბრძოლის ესტაფეტა. შევეცადოთ, შევქმნათ ასპარეზი ახალი ქართული მომავლისთვის, რომელსაც მეხსიერებაც ექნება და პერსპექტივაც” - განაცხადა ლიდერმა ვერის ბაღში.
მან ასევე დაამატა, რომ ფილარმონიაში შეკრება საორგანიზაციო შეხვედრა არ იქნება და ისინი ფართო საზოგადოებას იწვევენ. განსაკუთრებით ახალგაზრდობას, რადგან მაღრაძის თქმით, მათი მოძრაობა “თავისუფლებისთვის ბრძლის ესტაფეტაა, რომლის დროშა მომავალმა თაობამ უნდა ატაროს.
მაღრაძე, ორგანიზაციის მომავალ წევრებს ჯერჯერობით არ ასახელებს და ამბობს, რომ დიდი სიამოვნებით მიიღებს ყველას, ვინც მზად არის თავისუფლებისთვის ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად.
14 მარტს დავით მაღრაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველო”, რომელიც 10 წლის წინ შეიქმნა, ახლო მომავაში გააქტიურდება. მან, ასევე განმარტა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს დღესაც პატივს სცემს, როგორც მოქალაქეს თავისი დამსახურებების გამო, თუმცა მის პოლიტიკას აღარ იზიარებს.