დედები საპროტესტო აქციებს აანონსებენ

17:11 04-05-2019
159

მოძრაობა “დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დღეს საკანონმდებლო ორგანოში ჩავარდნილ კანონპროექტს, „აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ “ ეხმაურებიან. როგორც „პრაიმტაიმთან საუბარში, სამოქალაქო მოძრაობა დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ დამფუძნებელმა, თამარ ჯაფარიძემ განაცხადა, მოძრაობის წევრები შაბათს იკრიბებიან და საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

„დღევანდელი ჩვენი საკანონმდებლო ორგანო ისეთი ბრმაა, რომ არსებულ რეალობას ვერ ხედავს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით?! თუ მწვანე შუქი აუნთეს დამაქცეველ ბიზნეს?!  რის ფასად?! იქნებ სათამაშო ბიზნესმა ჩვენი არჩეული დეპუტატები  გადაიბირა?!  სად ხართ ბატონებო, სულ გახვედით მომსახურების ზონიდან?! არ ფიქრობთ ხალხზე?!  ვალების გასტუმრება კიდევ მოგიწევთ, მაგრამ თქვენ ხმას აღარავინ მოგცემთ. სირცხვილია დავა პერიმეტრებზე, გრცხვენოდეთ.  ბატონებო, თქვენს ირგვლივ არავინ გყავთ ლუდომანი?! იქნებ გაანალიზოთ რამდენია მანძილი გეპეიდან “აჭარამდე“. საკმარისია, დასცინეთ და მიწასთან გაასწორეთ  ქვეყნის მოსახლეობა.  ჩვენი სამოქალაქო მოძრაობა ვიკრიბებით შაბათს და შევაჯერებთ სამოქმედო, საპროტესტო შემდგომ  ნაბიჯებს. თქვენ ხალხი აღარ გენდობათ, თქვენ დაასრულეთ თქვენი მოღვაწეობა და ოცნება გააგრძელეთ პარლამენტის გარეთ, ჩვენო მმართველო გუნდო.“  - განაცხადა თამარ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტმა აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. საკანონმდებლო ინიციატივას მხოლოდ 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

რამდენიმე კანონში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში, აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 100 მეტრის რადიუსში. 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი