მოიპარეს ჩემი სკუტერი- ამ შინაარსის სტატუსები სოციალურ ქსელში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა. როგორც ირკვევა, სკუტერების, იგივე მოპედების მასიური ქურდობა ძირითადად დედაქალაქში ფიქსირდება. იმის გამო, რომ მათი უმეტესობა საქართველოში ჯიპიეს სისტემით არ არის აღჭურვილი, სკუტერების მოპარვა, როგორც ჩანს, საერთოდ არ წარმოადგენს სირთულეს.
სანდო წყარო პრაიმტაიმს უყვება, რომ სკუტერების ქურდობა უმეტესად ორგანიზებული ჯგუფების მიერ ხდება, რომლებიც ამ საქმეზე ძირითადად არასრულწლოვნებს ამუშავებენ.
მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გარემოება: იმ მოპედებს, რომელთა კუბატურა 0.5-ს არ აღემატება, არ აქვთ სახელმწიფო სანომრე ნიშნები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი გაყიდვის დროს ოფიციალური გადაფორმება არ ხდება. ანუ, პირი რომელიც ასეთ მოპედს იპარავს, მარტივად შეუძლია ის ნებისმიერ მსურველს მიყიდოს. ასეთ ვითარებაში კი, მის რეალურ მფლობელს საკუთარი სკუტერის პოვნის შანსი ფაქტობრივად არ აქვს.- უყვება პრაიმტაიმს წყარო.
ცნობისთვის,მეორადი სკუტერების ფასი საქართველოში 700 ლარიდან იწყება და დაახლოებით 1500 ლარამდე მერყეობს. მათი ტარებისთვის კი მართვის მოწმობა არ არის საჭირო.