მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკური პარტიის შექმნას და პოლიტიკაში მოსვლას აპირებს, მისი გარემოცვის წევრები არ ადასტურებენ, თუმცა თუ ვასაძე ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მასთან თანამშრომლობის მზაობას გამოხატავენ.
ვინ არიან ის პირები, ვინც 2020 წელს ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან ერთად არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას?
პრაიმტაიმი ინფორმაციის გადასამოწმებლად ლევან ვასაძის თანამოაზრეებს დაუკავშირდა.
დიმიტრი ლორთქიფანიძე, გურამ ფალავანდიშვილი, ზვიად ტომარაძე, სოსო მანჯავიძე, სანდრო ბრეგაძე, ნიკოლოზ მჟავანაძე, გია კორკოტაშვილი- პრაიმტაიმის ინფორმაციით, ლევან ვასაძე 2020 წლის არჩევნებისთვის შესაძლოა სწორედ ამ პირების გარშემო გაერთიანდეს.
დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც უკვე წლებია ლევან ვასაძის ახლო გარემოცვას წარმოადგენს პრაიმტაითან ირწმუნება, რომ მან ლევან ვასაძის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია მხოლოდ მედიისგან გაიგო. ამ დროისთვის კი, ლევან ვასაძესთან არანაირი შეხება არ აქვს.
ლევან ვასაძის კიდევ ერთი თანამოაზრე და მისი იდეოლოგიის გამზიარებელი სანდრო ბრეგაძე პრაიმტაიმთან''განმარტავს:
ლევანთან მაქვს კარგი ურთიერთობა და დამოკიდებულება. ჩვენ ვართ მეგობრები. მისი იდეები მისაღებია ჩემთვის. ისე, როგორც ჩემი იდეები მისთვის. თუმცა, ამ ეტაპზე რაიმე პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ. -განმარტა სანდრო ბრეგაძემ.
სანდრო ბრეგაძე აქვე აცხადებს, რომ მას დიდი ხანია არ ჰქონია შეხება ლევანთან. თუმცა, კითხვაზე იმყოფება თუ არა ვასაძე საქართველოში? - ბრეგაძე განმარტავს, რომ ის ვერონაშია და ოჯახის სიწმინდის კონგრესზე იმყოფება.
ლევან ვასაძის ახლო გარემოცვას წარმოადგენს, გურამ ფალავანდიშვილიც. პრაიმტაიმთან ინტერვიუში, ფალავანდიშვილი ვასაძესთან სამომავლო თანამშრომლობის სურვილს ღიად ადასტურებს. თუმცა, სხვა თანამოაზრეების მსგავად ამ დრომდე არ ადასტურებს ვასაძესთან პოლიტიკური პარტიის შექმნის მიზნით დაწყებულ კონსულტაციებს.
სიამოვნებით ვითანამშრომლებ ლევანთან. ჩვენ ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს და მისი ხედვა ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია.- აცხადებს გურამ ფალავანდიშვილი.
ამ ეტაპზე, ვასაძესთან თანამშრომლობასა და სამომავლო პოლიტიკურ პარტნიორობაზე არც სოსო მანჯავიძე საუბრობს. მანჯავიძე განმარტავს, რომ მას ვასაძესთან ამ თემაზე კონსულტაცია არ ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ გავცელებული ინფორმაციით, ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის. ის საკუთრ პარტიას ქმნის და 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.
პრაიმტაიმი ლევან ვასაძესთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა ის, ამ დრომდე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.