შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში, ფოთში, საჯარო სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და რეგიონული მედიის წარმომადგენლებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უმასპინძლეს. სტუმრებმა აილენდის კლასის ხომალდები, გემთსარემონტო ბაზა და სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერეს და სანაპირო დაცვის ამოცანებსა და სიახლეებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
რეგიონული მედიის წარმომადგენლები საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრსაც (JMOC) ესტუმრნენ. ჟურნალისტებს ცენტრის უფროსმა, მეორე რანგის კაპიტანმა შოთა მიროტაძემ და მისმა მოადგილემ, მეორე რანგის კაპიტანმა გიორგი გოგუაძემ უმასპინძლეს. მათ JMOC-ის მისიასა და მიზნებზე, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვასა და ნატოს საზღვაო ძალებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
საინფორმაციო შეხვედრები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. დაინტერესებულმა ჯგუფებმა საქართველოში ვიზიტით მყოფი ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდებიც დაათვალიერეს.