Exclusive - ქმარმა პროკურატურასთან ბენზინი გადაისხა, ცოლი - შიმშილობას აპირებს - ჯიბუტების ოჯახის ისტორია

14:57 04-10-2019
2532

ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მამაკაცმა პროკურატურის შენობის წინ ბენზინი გადაისხა და თვითმკვლელობა სცადა. როგორც ლევან ჯიბუტმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა, იძულებული იყო პროტესტის უკიდურესი ზომისთვის მიემართა. ის პროკურორთან შეხვედრას მოითხოვდა. მისი მეუღლე კი, უვადო შიმშილობის დაწყებას აპირებს.

5 თვის წინ, ნასვამ მდგომარეობაში ერთ-ერთი ნაცნობის ოჯახიდან პლაზმური ტელევიზორი მოიპარა. საპატრულო პოლიციის ჩარევის შემდეგ, მომხდარიდან 8 საათში ოჯახს ზარალი აუნაზღაურა და დაუბრუნა მოპარული ნივთი. ლევან ჯიბუტის თქმით, მისთვის დაზარალებულს არ უჩივლია. მომხდარი ფაქტის გამო, დააკავეს და ახლა, სასამართლო განაჩენს ელოდება. 

„დაკავებული ვიყავი 10 დღით. მერე გირაოთი გამოვედი. 17 აპრილს სასამართლო მაქვს. პროკურორი მეუბნება ციხეზე დამთანხმდი ორი წლის ვადით, ეს რეალურიაო. მე კი ვთხოვ, თანხა დამისახელონ და საპროცესო შეთანხმებას მივაღწიოთ, რადგან ოჯახი უპატრონოდ მრჩება. მყავს დედა, მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. მათი ერთადერთი მარჩენალი მე ვარ“ - განუცხადა ლევან ჯიბუტმა „პრაიმტაიმს“ .

პროტესტის შემდეგ, საქმის პროკურორი მის ადვოკატსა და ოჯახის წევრებს შეხვდა. როგორც „პრაიმტაიმს“ განსასჯელის ადვოკატმა ალექსანდრე ზუბიაშვილმა განუცხადა, მათ მიიღეს დაპირება და ხელმეორედ შეისწავლიან მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეს.

„საქმის ხელახალი შესწავლის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეუფარდებენ თუ არა ორწლიან პატიმრობას. ჩვენ ვთხოვეთ რომ საქმის შესწავლა მომხდარიყო სასამართლომდე, ვნახოთ როგორ მოესწერება.“ - აცხადებს ალექსანდრე ზუბიაშვილი.

ჯიბუტის მეუღლე, აცხადებს, რომ ლევანი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. თავად კი მუშაობა არ შეუძლია, რადგან 7 წლის წინ საკეისრო კვეთის შემდეგ სეფსისი განუვითარდა, რამაც ნაწლავების ქრონიკული შეხორცება გამოიწვია.

„შვიდი წლის წინ საპატრიარქოს სამშობიაროში გავიკეთე საკეისრო. ოპერაციის შემდეგ გამირთულდა მდგომარეობა. მერე გაირკვა, რომ სისხლი მომეწამლა. ძლივს გადამარჩინეს. სწორედ ამის შემდეგ განვითარდა ნაწლავების ქრონიკული შეხორცება. ყოველ წელს მჭირდება ოპერაცია. ეჭვი მაქვს, რომ გაუსტერილებელი იარაღებით მოხდა საკეისრო კვეთის ჩატარება, რამაც სეფსისი გამოიწვია. ჩემი საქმე უკვე შვიდი წელია ძიებაშია, სამართალს ვერ მივაღწიე. დედაჩემი გონება შეზღუდულია, მას მუშაობა კი არა ბავშვის დატოვებაც არ შეუძლია. ჩემს  დედამთილს სიმსივნე აქვს. გვყავს ერთადერთი შვილი. ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ლევანია. ეს რომ დააკავონ ჩვენ ყველანი შიმშილისთვის განწირულები ვართ. სწორედ ამის გამო ვაპირებ უვადო შიმშილობის დაწყებას. ჩემმა მეუღლემ ჩაიდინა დანაშაული, ვაღიარებ, მაგრამ ნივთიც დააბრუნა და ჩადენილი დანაშაულიც აღიარა. მკვლელებს უშვებენ ქუჩაში და ხომ შეიძლება გაითვალისწინონ ჩვენი ოჯახის მდგომარეობა და არ დააკავონ?! - განაცხადა მარიამ ჯიბუტმა.



ავტორი: თამარ ბუჩუკური