ემიგრაციაში საქართველოს 1748 მოქალაქე გარდაიცვალა - 4 წლის სტატისტიკა

16:59 04-10-2019
204

„იტალიაში გარდაიცვალა ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ქართველი ქალი“.

„ათენში ვირუსული ინფექციით საქართველოს მოქალაქე ქალბატონი დაიღუპა“.

„ქიმიური საშუალებების შესუნთქვის გზით მოიწამლა და გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი ქალი“.

ემიგრანტი საქართველოდან ონკოლოგიური დაავადებით გარდაიცვალა.

უცხოეთში ქართველი ემიგრანტების გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მედიაში ხშირად ვრცელდება.

„პრაიმტაიმი“ ემიგრაციაში საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით დაინტერესდა.

„საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის მიხედვით, 2014  -2018 წლებში, საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართელოს მოქალაქეთა რაოდენობა 1748 მოქალაქეს შეადგენს“ – ნათქვამია საგარეო უწყებიდან „პრაიმტაიმისთვის“ გამოგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მაია ბართაია აწერს.

თუ მედიაში 2019 წელს გავრცელებულ ინფორმაციასაც მოვიძიებთ ამ ციფრს კიდევ 10 დაემატება.

ამ დრომდე დაუზუსტებელია ქართველი ემიგრანტების საერთო რაოდენობაც. საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი ამ სტატისტიკას არ აწარმოებს. ამავდროულად კი მედიაში ქვეყნდება ოფიციალური და არაოფიციალური კვლევები, რომელთა თანახმად ემიგრციაში საქართველოს 840 ათასიდან 1 მილიონამდე მოქალაქე ფიქსირდება. 

ეს ციფრი მამუკა ბახტაძემაც თავის ერთ-ერთ გამოსვლაში დაადასტურა.

რაც შეეხება იმას, რომ მილიონმა ადამიანმა დატოვა საქართველო, დიახ, ეს არის ძალიან მტკივნეული გამოწვევა, უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ემიგრანტები დაუბრუნდნენ სამშობლოს” - განაცხადა პრემიერმა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური