საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა, ჯაბა ჯიშკარიანმა და ვატო შაქარაშვილმა ქართული ოცნება დატოვეს. ისინი დავით მაღრაძის მოძრაობას „დაიცავი საქართველოს“ შეუერთდებიან. ამის შესახებ მათ ჟურნალისტებთან განაცხადეს.
ორივე დეპუტატმა უმრავლესობიდან წასვლა ჯერ კიდევ მაშინ დააანონსა, როცა პარლამენტში ბესელიას ჯგუფი გავიდა უმრავლესობიდან.
„ძალიან კარგად ვნახეთ, რომ მიმდინარეობს ზეწოლა საზოგადოებაზე, თითქოს ლევან მურუსიძე გმირია, ლევან გოგიჩაიშვილისა და ჩვენი თანამოაზრეების გადაწყვეტილება კი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე წყლის დასხმა. ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.
საკრებულო ჯიშკარიანთან ერთად შაქარიშვილმაც დატოვა და შაბათს, ,,დაიცავი საქართველოს'' საგანგებო შეკრებას ფილარმონიაში უერთდება.
,,ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ღირსეული ადამიანების მრავალწლიანი ბრძოლის უშედეგოდ გამოცხადება, მათი დაკნინების და „ნაცებად“ სახელდების მცდელობა. ჩვენთვის მიუღებელია სააკაშვილ-ადეიშვილის, ჯალათების უხეში „გაპრავება“. ეს ყველაფერი კრიტიკულ წინააღმდეგობაშია 2012 წლის იდეალებთან და იმ დაპირებასთან, რომელიც სულ ახლახანს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაიცა. სწორედ ამიტომ მე ვტოვებ „ქართული ოცნების“ უმრავლესობას და 13აპრილს, 14:00 საათზე, ფილარმონიაში ვუერთდები „დაიცავი საქართველოს“ საგანგებო შეკრებას. მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ვინც თვლის, რომ ეს უპერსექტივო წრე გასარღვევია. შემოგვიერთდით და ერთად შევქმნათ ახალი პოლიტიკური ასპარეზი, სადაც მოძალადე და მედროვე კი არ ფასდება, არამედ ღირსეული, სამართლიანი და პრინციპული ადამიანი. შემოგვიერთდით 13 აპრილს, 14:00 საათზე ფილარმონაიში - დაიცავი საქართველო,“ - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.