Exclusive - დეკანოზ გიორგი მამალაძეს იწყალებენ?

13:35 04-12-2019
335

პრაიმტაიმს სანდო წყარო უყვება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება იგეგმება. წყაროს ცნობით, საპატრიარქო  მზადაა პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართოს. მამა გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებას სავარაუდოდ შუალედურ არჩევნებამდე, ანუ რამდენიმე კვირაში დატოვებს.​

მამა გიორგი მამალაძის არჩევნებამდე შეწყალების საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს დეკანოზის ახლო გარემოცვაც. ამას პრაიმტაიმთან საუბარში მიხეილ რამიშვილიც ადასტურებს. 

ამდაგვარი რაღაც ზოგადად არის, მაგრამ კონკრეტულად ვერ გეტყვით. იმიტომ, რომ ერთი მხარე - ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ელოდება შუამდგომლობას საპატრიარქოს მხრიდან. დანარჩენი, რა მოლაპარაკება მიმდინარეობს მათ შორის, ნამდვილად ვერ გეტყვით. თუ საპატრიარქოს შუამდგომლობა დააკმაყოფილებს პრეზიდენტს, მაშინ მოგვიწეროს ხელი საპატრიარქომ.- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

როდის გაიმართა და ვინ მიიღო მონაწილეობა  დეკანოზის შეწყალების საკითხზე საპატრიარქოში გამართულ კონსულტაციებში, - ამის შესახებ დამატებითი დეტალებისთვის  საპატრიარქოს იურისტს- ედიშერ ქარჩავას დავუკავშრდით.

არ ვიცი, ამ თემაზე ინფორმაცია არ მაქვს და არც გამიგია რამე მსჯელობა თუ იყო. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, დეკანოზს ადვოკატები ჰყავს და იბრძოლონ სამართლებრივი მეთოდებით. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ.- განაცხადა ედიშერ ქარჩავამ. 

შეგახსნებეთ, რომ ამ დრომდე არ გადაწყვეტილა შეწყალების კომისიის ბედი. სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას - კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავიდეს, უწყებიდან ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყოლია. თუმცა პრეზიდენტს ყველა შემთხვევაში რჩება დისკრეციული უფლება პირადადაც, მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტულ ქეისზე. შესაბამისად, თუ მას საპატრიარქო მიმართავს მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით, დიდი ალბათობით, ის ამას დააკმაყოფილებს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში იმყოფება. ის ამ დრომდე ციხის საავადმყოფოში მკურნალობს. ადვოკატების ინფორმაციით, მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ხელ-ფეხი და გადაადგილება არ შეუძლია. 

საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. მას პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი. აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი გადააკვალიფიცირა.​ ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა. 

თავად დეკანოზი მამალაძე დანაშაულს არ აღიარებს. 

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში ილია მეორის მოსანახულებლად მიფრინავდა, სადაც პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. პროკურატურას ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძემ ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითიც მას ბერლინში, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

ავტორი: თაკო ტომარაძე