ევროპული საქართველო იუსტიციის საბჭოს სამი წევრისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

15:52 04-12-2019
45

ევროპული საქართველო და შალვა შავგულიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ითხოვს. შესაბამისი დადგენილების პროექტით ევროპული საქართველო ბიუროს ორშაბათს მიმართავს.

მათი თქმით, შოთა ქადაგიძემ, ლევან გზირიშვილმა და ზაზა ხარებავამ უფლებამოსილება არაჯეროვნად შეასრულეს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების ათკაციანი სიის პარლამენტში გადაგზავნას ყოველგვარი განხილვის გარეშე დაუჭირეს მხარი.

ოპოზიციაში საბჭოს კიდევ რამდენიმე წევრის მუშაობითაც არიან უკმაყოფილოები. თუმცა, პარლამენტს მხოლოდ ამ სამი წევრის გაწვევის უფლება აქვს. შავგულიძე და ევროპული საქარველოს წევრები ამ თემაზე სასაუბროდ პარლამენტში სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდნენ. 

ერთდროულად ეფექტური მექანიზმი არის ამ სამის წევრის გამოწვევა, რომლებმაც არ შეასრულეს ვალდებულებები. ასეთ შემთხვევაში, კლანს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აღარ ექნება საკმარისი ხმები კანდიდატების გასაყვანად. პროცედურა შეჩერდება. უზენაეს სასამართლოში ძალიან ცოტა ვაკანსიაა და თუ კლანი მოახერხებს მათ შევსებას 20-30 წლის მანძილზე იქ სხვა მოსამართლეები აღარ იქნებიან. თუ დეპუტატები ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ მათი პასუხისმგებლობა იქნება უზენაესი სასამართლოს იმ უვადო მოსამართლეებით შევსება, რომელთა სიმართლის არ სჯერა საზოგადოებას - ამბობს შალვა შავგულიძე.

ევროპულ საქარველოში კი აცხადებენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასახელებულ წევრები საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებენ.

ისინი მოქმედებენ, როგორც კლანის მორჩილი ფიგურები. ათკაციანი სიის გამოგზავნამ ეს დაადასტურა. თუ, სიას ისე წარმოადგენს რომ არ გაგიჩნდება კითხვა, ვინ შეადგინა, არ გაგიჩნდება გასაუბრების სურვილი და თუ ვერ აცნობიერებს შენ ფუნქციას მაშინ შენი ადგილი არ უნდა იყოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - აცხადებს ოთარ კახიძე.

ევროპული საქართველო შესაბამისი მოთხოვნით პარლამენტს ორშაბათს მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ საბჭოდან არამოსამართლე წევრების გაწვევის ინიციატივით გასულ თვეს საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილიც გამოვიდა. მაშინ მისმა ინიციატივამ დეპუტატებში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

თამარ ჩუგოშვილი აცხადებდა, რომ  თუკი იუსტიციის საბჭო მოკლე ვადაში მოსამართლეთა უვადო დანიშვნების შეჩერების თაობაზე განცხადებას არ გააკეთებდა, პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან თავისი კვოტით დანიშნული ყველა წევრი უნდა გაეწვია.

ავტორი: რუსუდან ჯაბანაშვილი