ვარძიის კომპლექსთან კანონდარღვევით მიმდინარე სამშენებლო პროცესი შეწყდა

17:08 04-12-2019
52

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და სამოქალაქო გაერთიანება „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აქტიური ქმედებების შედეგად ვარძიის კომპლექსის დამცავ ზონაში კანონდარღვევით მიმდინარე სამშენებლო პროცესი შეწყდა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებას.

„სამუშაოების შეჩერების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიიდან წერილობითი ცნობა სააგენტომ 10 აპრილს მიიღო. მძიმე ტექნიკის გამოყენებით წარმართულ მიწის მოჭრის სამუშაოებს, რომელიც არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთზე სასტუმრო ინფრასტრუქტურისთვის გათვალისწინებულ საფეხმავლო ბილიკებისა და გზების მოწყობას მოიცავდა, შპს „ნიალას“ დაკვეთით ხორციელდებოდა. 
ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში კომპანიის მიერ წარმოდგენილი სასტუმროს მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაცია სააგენტოს დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის საბჭომ გასულ წელს განიხილა, რის შედეგადაც ინვესტორს არქეოლოგიური ზედამხედველობის უზრუნველყოფის ქვეშ მხოლოდ ტერიტორიის გამწვანება განესაზღვრა დასაშვებად.

მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში სააგენტოს საბჭოს წევრების მიერ მიერ განსაზღვრული პირობის უგულვებელყოფის შემდეგ, უნებართვო პროცესის შეჩერების მოთხოვნით სააგენტომ წერილობით მიმართა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერს. მიწის ფართომასშტაბიანი სამუშაოების შედეგად სახეცვლილ ლანდშაფტზე წერილობითი ცნობა რეაგირებისთვის უწყებიდან გარემოს ეროვნულ სააგენტოსაც გაეგზავნა. 
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორიის უძრავი ძეგლის დამცავ ზონაში წარმოებული უნებართვო სამუშაოები უხეშად არღვევდა კულტურული ღირებულების მქონე ისტორიული ლანდშაფტის ქსოვილს და სტრუქტურას. სამშენებლო პროცესის შედეგად ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში წარმოიქმნა თვალსაჩინო დისონანსი.“ ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.