ხმაური პარლამენტში - ერთმანეთს ოხანაშვილი და ბოკერია დაუპირისპირდნენ

12:21 04-15-2019
49

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის თაობაზე კანონპროექტს განიხილავენ, ანრი ოხანაშვილსა და გიგა ბოკერიას შორის კამათი იყო.

კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც გიგა ბოკერიას ერთ-ერთ რეპლიკას, დარბაზში მყოფი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ტაში მოჰყვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმადარბაზში მყოფებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

„ცოტა თავი გააკონტროლეთ ძალიან გთხოვთ და გააცნობიერეთ სად იმყოფებით. თუ ვინმეს იმის უნარი არ გაქვთ, რომ შეძახილების და ტაშების გარეშე ისხდეთ, მაშინ გაბრძანდით და გარეთ დაუკარით, ან იქ მიბრძანდით, სადაც შეგიძლიათ ტაშიც დაუკრათ და შეძახოთ კიდეც“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

ოხანაშვილმა გიგა ბოკერიას მიმართა და აღნიშნა, რომ აბსურდია, როდესაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სასამართლო სისტემის დამცველად ევლინება საზოგადოებას.

რეპლიკას უპასუხა გიგა ბოკერიამ.

„პარლამენტში ტაშის დაკვრა და ემოციის გამოხატვა არის გაუგონარი და ცემა-ტყეპა არის აბა ჩვეულებრივი ამბავი?“ - აღნიშნა ბოკერიამ. მას ანრი ოხანაშვილმა სიტყვა შეაწყვეტინა და მოკროფონის გათიშვა მოსთხოვა.

„არ გემორჩილებით, ამბოხებას აქვს ადგილი“, - განაცხადა ბოკერიამ ანრი ოხანაშვილის მოთხოვნის პასუხად.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს მეორე მოსმენით მუხლობრივად იხილავს.

20 მარტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

21 იანვარს უზენაესი მოსამართლეობის სადავო კანდიდატებმა მოსამართლეებად არჩევაზე უარი თქვეს.