ანა დოლიძე - უმრავლესობა უფრთხის ვენეციის კომისიის პოზიციას, იქცევა ლაჩრულად

12:50 04-15-2019
50

სინამდვილეში, უმრავლესობა უფრთხის ვენეციის კომისიის პოზიციას. იქცევა ლაჩრულად, როდესაც ერთის მხრივ, მოთხოვნას აგზავნის მოსაზრებებისთვის ვენეციის კომისაში და მეორე მხრივ არც ელოდება მოსაზრებებს და წინასწარ იღებს კანონპროექტს,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა.

ანა დოლიძე ასევე, ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე პარლამენტში იმ საკანონმდებლო პაკეტის განხილვას გამოეხმაურა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევას ეხება.

როგორც ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამი კანდიდატი საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ 2016 წელს წარუდგინა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თუმცა მათი კანდიდატურების განხილვა ამ დრომდე არ მომხდარა.შესაბამისად, მისივე თქმით, ახლა საფუძველს მოკლებულია არგუმენტი, რომ უზენაეს სასამართლოს მოსამარათლეები აკლია და სასამართლო ამიტომ, დროულად უნდა დაკომპლექტდეს .

დოლიძის თქმით, სინამდვილეში ვითარება ასეთია, რომ უმრავლესობას სურს სასამართლო საკუთარი მოსამართლეებით დააკომპლექტოს, რის გამოც უსწრაფესი წესით ხდება ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული საკოანომდბლო პაკეტის განხილვა, რათა მურუსიძე-ჩინჩალაძემ კობახიძის მეშვეობით უზენაეს სასამართლოში საკუთარი ხალხი დანიშნოს მოსამართლეებად.

ის, რომ იურიდიული კომიტეტი არ ელოდება ვენეციის კომიტეტის დასკვნას და კანონპროექტს მეორე მოსმენით მანმდე იღებს, მიუთითებს იმაზე, რომ ის უფრთხის ვენეციის კომისიის პოზიციებს. სინამდვილეში არგუმენტი, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აკლია და ამიტომ რეაქტიული სიჩქარით უნდა მივიღოთ ეს პროექტი,ცხადია,საფუძველს მოკლებულია, იმიტომ, რომ პარლამენტის წინაშე 2016 წელიდან წარდგენილია უზენაესი სასამართლოს მოსართლეობის სამი კანდიდატი: ნონა თოდუა, თამარ ლალიაშვილი და ლევან ბოძაშვილი.

საქართველოს პარლამენტს, თუ ასე ეჩქარებოდა, მაშინ ამ ადამიანებისთვის უნდა ეყარათ კენჭი, მათი იგნორირება არ უნდა მოეხდინათ და შემდეგ უნდა ეზრუნათ დანარჩენ კანდიდატურებზე. ფაქტია, რომ მოხდა იურიდიული თვალსაზრისით გამართულად, წარდგენილი ადამიანების სახელებისა და გვარების იგნორირება. შესაბამისად, მხოლოდ თითიდან გამოწვეულია ის წუხილი, რომ უზენაესი სასამართლო დაიშლება და დაინგრევა იმ შემთხვევაში, თუ კანონს დროზე არ მივიღებთ, განაცხადა დოლიძემ.

რაც შეეხება არგუმენტს, თუ რატომ არ განიხილა პარლამენტმა 2016 წელს ყოფილი პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები, ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ უმრავლესობისთვის გიორგი მარგველაშვილის ან ვინმეს მიერ წარდგენილი კანდიდატები მიუღებელია.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი