„ვენებს გადავიჭრი და დავამთავრებ სიცოცხლეს...“ - ვინ არის ქალი, რომელმაც 9 აპრილს პატრიარქს და პრეზიდენტს თავი შეავედრა

13:34 04-15-2019
7635

„სოფელში პატარა მიწის ნაკვეთი გვქონდა და გავყიდეთ, ის ფულიც „ჯაბა კრედიტში“ მივიტანეთ... ახლა გვღუპავენ საერთოდ, წასასვლელი არსად გვაქვს.“ - ეს სიტყვები იმ ქალბატონს ეკუთვნის, რომელიც 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე ილია II-ა და სალომე ზურაბიშვილს განწირული ხმით შეხვედრას სთხოვდა. ამ კადრს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება ჰქონდა.

როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, ეს ქალი 67 წლის ლამზირა ქორიძეა. აღელვებულმა ქალმა ინტერვიუზე უარი თქვა, თუმცა, პირად საუბარში აღნიშნა, რომ მისი ოჯახი სასოწარკვეთილებაში და ამ დრომდე დახმარების მოლოდინშია.  ქალბატონ ლამზირას 9 აპრილის დღემ, იოანე მოწყალისა და მასავით გაჭირვებული ადამიანის ისტორია გაახსენა. „იოანე მოწყალესთან, ჩემსავით გაჭირვებული მივიდა. როცა იმ ადამიანმა პატრიარქთან თავისი გასაჭირის მოყოლა დაიწყო, იოანეს მხლებლებმა უთხრეს, პატრიარქო გაგვიანდებათ, ტაძარში მსახურება იწყება, თუ შეიძლება ამ ადამიანს მსახურების შემდეგ შეხვდით და მერე მოუსმინეთო. იოანე მოწყალემ უპასუხა: მე რომ ახლა ამ კაცს არ მოვუსმინო, მერე ღმერთი მეც არ მომისმენსო. მოწყალემ გააგრძელა საუბარი გაჭირვებულთან და ტაძარში მსახურებაზე არ მივიდა. - ეს დაწერეთ კომპიუტერში და წაიკითხოს ჩვენმა საპატრიარქომ, მეტი არაფერი მინდა. ახლა ისეთი განერვიულებული და გათიშული ვარ, გზაზე ვდგავარ და ვფიქრობ სახლში როგორ წავიდე.“

ლამზირა ქორიძე პენსიონერია. პროფესიით ფიზიკოსი, 27 წელი 154-ე სკოლაში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია მის ოჯახს, საფინანსო ორგანიზაცია „ჯაბა კრედიტში“ თანხა ანაბრის სახით ჰქონდა შეტანილი და წლების განმავლობაში აგროვებდნენ სახლის საყიდელ ფულს. ერთ დღესაც გაიგეს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაკოტრების პირას იყო. თანხის გამოსატანად მისულებს კი ასეთი პასუხი გასცეს, თანხას ვერ დაგიბრუნებთ რადგან სალარო ცარიელიაო. ქალბატონის გოგონა ორსულად არის. ის და მის ოჯახთან ერთად ძალიან პატარა, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს...

„საცოდავად, პატიოსანი შრომით მოგროვებული კაპიკები, არ მოგვცეს, გვითხრეს, აქ საიმედოდ არის დაცულიო. ბინის საყიდელი თანხა ის არ არის, მაგრამ მშენებარე ბინაში უნდა შეგვეტანა და მერე თანდათან გადაგვეხადა. ისეთ პატარა ბინაში ვცხოვრობთ, მეტი არ შეიძლება... ამ ფულს არავის არ შევაწევ. მე თუ მას ვერ დავიბრუნებ, სიცოცხლეს დავამთავრებ, ვენებს გადავიჭრი, მერე დაუბრუნონ ჩემს შვილებს ფული... ძალიან მეუხერხულება, მრცხვენია, თავი მომეჭრა, ვისაც რა უნდა იმას წერს, არ მეკითხებიან არაფერს. ასე შერცხვენა არ მინდა შვილო, ქუჩაში გამოსვლის მრცხვენია... თუ დამეხმარებით, ეკლესიას უთხარით, პატრიარქმა ერთი, რომ უთხრას მეუფე შიოს და მან მთავრობას დაურეკოს, მაშინვე მომცემენ ფულს... რომ გავიკითხე, ვისი ვალი აქვს „ჯაბა კრედიტს“-მეთქი, ასე მითხრეს, „ჯაბა კრედიტს“ კი არა, სახელმწიფოს აქვს პირიქით მაგათი ვალიო. მთავრობა არის ყველაფერში დამნაშავე... ხმამაღლა, როგორ ვთქვა, მაგრამ 9 აპრილის შემდეგ საპატრიარქოდან შემეხმიანენ და ასე მითხრეს, წადით და სოფელში იცხოვრეთო. სოფელში პატარა მიწის ნაკვეთი გვქონდა და გავყიდეთ, ის ფულიც „ჯაბა კრედიტში“ მივიტანეთ... ახლა გვღუპავენ საერთოდ, წასასვლელი ჩვენ არსად გვაქვს.   

შეგახსენებთ, რომ 9 აპრილის მემორიალთან საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პარაკლისი აღავლინა. პარაკლისის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ტერიტორიის დატოვებას აპირებდა როცა მათთან ასაკოვანი ქალბატონი მიიჭრა და განწირული ხმით ორივეს მიმართავდა: „ღვთის მადლით, მიმიღებთ პატრიარქო, მიმიღეთ პრეზიდენტო, თორემ ვენებს გადავიჭრი… შვილი მომაკვდავი მიწევს სახლში”…