რუსმა ტურისტმა გუდაურში თხილამურები „მოიპარა“

14:21 04-15-2019
302

14 აპრილს გუდაურში რუსმა ტურისტმა თხილამური მოიპარა. როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბარში დაზარალებულის მეგობარი ირაკლი ჟვანია ამბობს, ის და მისი მეგობარი გუდაურში სასრიალოდ იმყოფებოდნენ და ერთი საათით, დასვენება ერთ-ერთ კაფეში გადაწყვიტეს. იქიდან გამოსულებმა კი აღამოაჩინეს, რომ იმ ადგილას სადაც თხილამურები დატოვეს, სხვა, შედარებით დაბალი ხარისხისა და ბრენდის თხილამური დახვდათ. კაფის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერებიდან წითელქურთუკიან ქურდს ერთ-ერთ სასტუმროში მიაგნეს. სწორედ მაშინ გაარკვიეს, რომ მათი თხილამურები რუს ტურისტს მოეპარა. „პრაიმტაიმი“ ირაკლი ჟვანიას ესაუბრა.

ირაკლი ჟვანია: „14 აპრილს მეგობართან ერთად სასრიალოდ გუდაურში ვიყავი წასული. დაახლოებით ერთი საათი შევისვენეთ კაფეში. იქიდან გამოსულებს ჩემი თხილამურები ადგილზე დაგხვდა, ჩემი მეგობრის კი აღარ იყო. სადაც მან დატოვა თხილამურები, იმ ადგილიდან რამდენიმე მეტრში ძალიან დაბალი ხარისხისა და ბრენდის თხილამური  დაგხვდა. ვთხოვეთ კაფის მენეჯერს ეჩვენებინა კამერის ჩანაწერები. პერსონალმა მაშინვე გვაჩვენა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი სადაც კარგად ჩანს წითელქურთუკიანი მამაკაცი, რომელიც კაფესთან მოსრიალდა, მოიხსნა თავისი თხილამური. რამდენიმე წუთი გარეთ ცარიელ მაგიდასთან დაჯდა, მერე კაფეში შემოიხედა. ისევ უკან გავიდა, ირგებს ჩემი მეგობრის თხილამურს, ქვემოთ ეშვება და გადის კამერის თვალთახედვის არედან. ბავშვობიდან ვსრიალებ და ვიცი, რომ ასეთი დაბალი ხარისხის თხილამურებს ე.წ. პრაკატები აქირავებენ. სამწუხაროდ ჩანაწერებში ამ მამაკაცის სახე არ ჩანს. ძალიან გავნერვიულდით ორივე. ჩავედით ქვემოთ და ვხედავ, რომ ე.წ პრაკატის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე იგივე ხარისხისა და ბრენდის თხილამური იყო გამოფენილი, მაშინვე ვიცანით. გამქირავებელმა დაგვიდასტურა, რომ მისი საკუთრება იყო და გაქირავებული ჰქონდა. შტრიხკოდის მეშვეობით მოძებნა დამქირავებელი, რომელსაც ტელეფონის ნომერი ჰქონდა დატოვებული. როდესაც აღნიშნულ ნომერზე დავრეკეთ, აღმოჩნდა რუსი ტურისტი, ის უკვე სასტუმროს ნომერში იყო. პატრულთან ერთად მივედით დასახელებულ სასტუმროში. თხილამურები აღარ დაუმალავს. მან ათასი სისულელე მოიგონა, იმისათვის, რომ თავი დაეღწია სიტუაციიდან. როცა ვკითხეთ ეს თხილამურები როგორ აღმოჩნდა მასთან, თქვა, რომ როცა სასტუმროში დაბრუნდა, მის ნომერთან ნახა. მერე პოლიციამ უთხრა, ჩანაწერებში ჩანს, რომ თხილამურების ქურდს შენნაირი წითელი ქურთუკი აცვიაო. ისევ დაიწყო თავის მართლება, წითელი ქურთუკი აქ ბევრს აცვიაო. ანუ მისი ნათქვამით გამოდიოდა, რომ მეორე „კანატკიდან“ პირველამდე, მთა ფეხით ჩამოიარა და არა სრიალით. მერე ჩემს მეგობარს თბილიში საქმეზე უგვიანდებოდა და აღარ დავრჩით. პოლიციას უთხრა, აგერ ფაქტი და აგერ ქურდი, როგორც გინდათ ისე მოიქეცითო. ჩვენ წამოვედით, რა ბედი ეწია იმ ტურისტს არ ვიცით. როგორც პოლიციამ გვითხრა, ბოლო პერიოდში თუ თხილამურების მოპარვის ფაქტები ფიქსირდება, ძირითადად რუსი ტურისტები არიანო.“

„პრაიმტაიმი“ შსს-ს დაუკავშირდა, რათა გაერკვია რა რეაგირება მოახდინა აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციამ და რა ბედი ეწვია რუს ტურისტს. უწყებაში აცხადებენ, რომ ადგილი ჰქონდა გაუგებრობას. კაფედან გამოსულმა ნასვამმა ტურისტმა თავისი თხილამურების ნაცვლად სხვისი მოირგო და ამის შესახებ მხოლოდ სასტუმროში მისვლის შემდეგ აღმოაჩინა. მან სასტუმროს მენეჯერს მიმართა, რათა პოლიციაში დაერეკა და აღნიშნულის შესახებ ეცნობებინა. შსს-ში აცხადებენ, რომ ე.წ. დაზარალებულიც გამოიკითხა, რომელმაც პოლიციას განუცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა.