ცნობილია დევნილი ოჯახები, რომლებსაც უახლოეს მომავალში თბილისში ბინა გადაეცემა - ნახეთ სია

16:21 04-15-2019
1520

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უახლოეს მომავალში, თბილისში, ბინას 800 დევნილ ოჯახს გადასცემს.

ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი 10 469 იძულებით გადაადგილებულმა ოჯახმა შეავსო.

დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა.

სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღეში დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ, დამატებითი დოკუმენტაცია წარმოადგინონ, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მათთვის მინიჭებულ წინასწარ ქულებზე. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულების კორექტირება მოხდება.

ბინების რაოდენობისა და კორექტირებული ქულების გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია განსაზღვრავს განაცხადების იმ რაოდენობას, რომლებსაც მონიტორინგის განყოფილება გადაამოწმებს.

მონიტორინგის განყოფილება მინიჭებულ ქულებს გადაამოწმებს და ამასთან, დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლის. გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება.

ბინების განაწილების პროცესი გამჭვირვალეა და მასში ჩართულები არიან  სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა წარმომადგენლები.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გამოქვეყნებულ სიაში აღმოაჩენს რაიმე სახის უზუსტობას, შეუძლია ამის თაობაზე მიმართოს სამინისტროს, რომელიც თავს მხრივ მზადყოფნას გამოთქვამს, კონფიდენციალურობის სრული დაცვით გადაამოწმოს მოწოდებული ინფორმაცია.