"ევროპული საქართველო" პედაგოგებისთვის დანამატების გასაცემად ბიუჯეტში 40 მილიონი ლარის გათვალისწინებას ითხოვს.
შესაბამის კანონპროექტს პარლამენტის განათლების კომიტეტი იხილავს.
კომიტეტის სხდომის დაწყებამდე სერგო რატიანმა ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი თანხების არარსებობის გამო, რეფორმის ფარგლებში დაანონსებული ხელფასის მატება ფორმალური ხასიათის იქნება, რაც გავლენას ვერ მოახდენს პედაგოგთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და ნეგატიურად აისახება როგორც პროფესიული განვითარების მოტივაციაზე, ასევე განათლების ხარისხზეც.
"მთავრობის ინფორმაციით, 2019 წლის შემოდგომაზე უზრუნველყოფილი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა - გაიზრდება პედაგოგთა ხელფასი და განათლება გახდება დომინანტი სექტორი ეკონომიკაში. როგორც დღეს საქართველოს მთავრობის მიერ ოფიციალური წერილის მიხედვით დასტურდება, ამ მიმართულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად ამ ეტაპზე საჭირო სახსრები არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტში და პედაგოგთა დაანონსებული სახელფასო მატებაც ქართული ოცნების მორიგი სიცრუეა", - განაცხადა რატიანმა.
მისივე თქმით, "ევროპულმა საქართველომ" დაარეგისტრირა დადგენილების პროექტი, რათა, პარლამენტის ჩართულობით, მოაწესრიგოს სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის კანონით გათვალისწინებული დანამატის სრული ოდენობით გაცემის საკითხი.
რატიანმა პედაგოგებისთვის დანამატების გაცემის გეგმაც წარმოადგინა.
"ჩვენი ინიციატივით ყველა სტატუსიან პედაგოგს და ასეთია 25 ათასი, მათ, ვინც სერთიფიცირება მოიპოვა, უნდა მიეცეს დანამატი, თუ ისინი თანახმანი არიან ჩაატარონ საათების გარკვეული რაოდენობა და ეს რაოდენობა არის 13-15 საათი. ამისთვის დამატებით საჭიროა 40 მილიონი და ეს თანხები გათვალისწინებული შეიძლება იყოს 2020 წლის პირველი იანვრიდან", - განაცხადა რატიანმა.
ავტორი: თორნიკე ხურციძე