საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო მეტ უძრავ ქონებას ყიდულობენ. ამ ინფორმაციას საერთაშორისო კომპანია „Property Abroad“ ავრცელებს.
როგორც „პრაიმტაიმს“ კომპანიის მმართველმა პარტნიორმა, თათია კობრეშვილმა განუცხადა, საქართველოს მოქალაქეების მიერ ნაყიდი უძრავი ქონების აქტივობის ზრდა დაახლოებით 5-8%-ის ფარგლებშია.
„საქართველოს მოქალაქეების ინტერესი საზღვარგარეთ უძრავი ქონების შეძენის მიმართ მზარდია და გეოგრაფიულად მოიცავს დასავლეთ ევროპას (ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი...), აღმოსავლეთ ევროპას (ჩეხეთი, ხორვატია, მონტენეგრო, პოლონეთი...), პოპულარულ საკურორტო მიმართულებებს (თურქეთი, საბერძნეთი, მალტა, კვიპროსი, ტაილანდი, არაბთა გაერთიანებული საემიროები...), ასევე აშშ-ს.
ყველაზე ხშირად საქართველოს მოქალაქეები ინტერესდებიან მრავალბინიანი სახლებით, სასტუმროს ტიპის სახლებით, ვილებით გაქირავების პერსპექტივით. უმეტესად სწორედ ამ გაქირავებიდან მიღებული შემოსავლით ხდება იპოთეკური სესხის დაფარვაც.
სხვადასხვა კომპანიების მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების მიერ ნაყიდი უძრავი ქონების აქტივობის ზრდა დაახლოებით 5-8%-ის ფარგლებშია. ბევრად მომატებულია მათი რიცხვი, ვისაც ქონების შესაძენად შესაბამისი ფინანსური რესურსები გააჩნია. ასევე, გაზრდილია საზღვარგარეთ მცხოვრებთა რიცხვიც.
ინტერესის ზრდის ბოლო მნიშვნელოვანი ტალღის მაპროვოცირებელი ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესებაა.
ასევე, ბაზარზე მოქმედებს უძრავი ქონების გაიაფების პერიოდები და სამუშაოს მოპოვების და დასახლების პერსპექტივის სიცხადე.
მინიმალური ფასი შეიძლება 30-35 000 ევროც იყოს (როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში, თურქეთში...). ყველაზე ხშირად არის ხოლმე მზაობა ისეთი უძრავი ქონების შესაძენად, რომლის ფასიც 50-200 ათასი ევროს ფარგლებშია, - აცხადებს პრაიმტაიმთან თათია კობრეშვილი.
ავტორი: თამარ ბუჩუკური