"არასოდეს დამავიწყდება სრულიად უცხო ადამიანების თანაგრძნობა, ჩახუტება და გამხნევება. .. " - რას წერს ქართველი გოგო, რომელიც პარიზის ხანძარს შეესწრო

14:56 04-16-2019
1239

დიზაინერი თამუსია ტაბატაძე პარიზში, ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარის ერთ-ერთი თვითმხილველია. მისი თქმით, პარიზში ერთი საათის ჩასული იყო, როდესაც ტრაგედია დაიწყო.

სოციალურ ქსელში დიზაინერი იმის შესახებ წერს, რაც ხანძრის დროს  ცეცხლმოდებული ნოტერდამის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდებოდა.

საკუთარი თვალით ვუყურე ტრაგედიას. ცეცხლში გახვეულ ნოტრდამს, ათასობით ადამიანთან ერთად ვუყურებდი, როგორც იცვლებოდა ჩვენს თვალწინ ისტორია. არასოდეს დამავიწყდება ერთმანეთში არეული ხმები, სახანძრო მანქანები, ტირილის, მუხლზე დაჩოქილი ხალხის საგალობლების ხმა. სრულიად უცხო ადამიანების ერთმანეთის მიმართ გამოხატული თანაგრძნობა, ჩახუტება, გამხნევება.

ლოცულობდნენ არა მხოლოდ ქალაქზე, არამედ იქ მყოფ მეხანძრეებსა და მაშველებზე, რომლებიც არიან ძალიან პროფესიონალები და ტირილამდე გმირები. შეძლეს და მოახერხეს ხელოვნების ნიმუშების, საგანძურის ძალიან დიდი ნაწილის გადარჩენა. მაგრამ დანაკლისი არის ძალიან დიდი და ძალიან მტკივნეული, - წერს დიზაინერი. 

როგორც დიზაინერმა პრაიმტაიმს განუცხადა, ამ წუთებში ქალაქში სიმშვიდეა და სამაშველო ჯგუფებს ტაძრის ტერიტორიიდან ის წყალი გამოაქვთ, რომელიც ტაძარში ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციის დროს დაგროვდა.