ქართველ მწერალს კონსტანტინე გამსახურდიას, ნოტრდამი აპოკალიპტიკოსი იოანეს გამოცხადების კონტექსტში აქვს აღწერილი.
კონსტანტინე(კოკო) გამსახურდია, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში განვითარებულ ხანძარს ეხმიანება და ბაბუის, დიდი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებიდან დიონისო ტექსტს მოიშველიებს, სადაც მწერალი აპოკალიფსის მოახლოებას წინასწარმეტყველებს და სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:
ნოტრდამი სწორედ აპოკალიპტიკოსი იოანეს გამოცხადების კონტექსტში აქვს აღწერილი კონსტანტინე გამსახურდიას დიონისო-ს ტექსტში. წარმოვიდგინოთ გასული საუკუნის 10-იანების ბოლოს პარიზი, ახლადდასრულებული საშინელი ომი, რომელმაც უსასოო კაცობრიობა თითქოს უჩინარი მილით გადატყორცნა გაურკვეველ, უმძიმეს მომავალში, საიდანაც სხვათა შორის, თავის დაღწევას დღემდე ხელის ცეცებით ლამობს.... მთავარი გმირი გულისსწორთან ერთად მწუხრის ლოცვაზე შედის ტაძარში სიტეს კუნძულზე და ვიტრაჟებს აკვირდება:
ამაზე ულამაზესი ადგილი პარიზში არ მეგულება. საღამოობით საუცხოოა ნოტრდამი, მგლოვიარე ქალწულს გავს.
ტაძარში ოდნავ ბნელოდა. შესვლის უმალ სპეციფიური საყდრის სუნი მეცა. უკანა რიგებში არც ერთი თავისუფალი ადგილი. მლოცველების დიდი ნაწილი არეებში დაჩოქილი ისმენს მწუხრს. შავი სილუეტების ლიტანიები, ლოცვანების ხმადაბალი, ქორალური კითხვა.
მაღალ, დაბნელებულ თაღებქვეშ საოცარ, მისტიურ გარინდებას დაუსადგურებია. აპოკალიფსურ მოტივებზე მოხატულ ვიწრო, მაღალი ფანჯრებიდან იისფერი შუქი იფრქვევა ამეთვისტოსფერ ფონზე.
პატმოსის ჭალაკი, ზეწრით შესუდრული ძე კაცის მსგავსის თოვლივით სპეტაკი თავი, ალისებური ბრწყინვალე თვალები. მისი პირიდან ორპირ აღლესული მახვილი ამოდის. ხელთ უპყრია კლიტენი სიკვდილისა და ჯოჯოხეთისანი.
მარჯვნით ვარსკვლავი შვიდი და შვიდი სასანთლენი ოქროისანი. აპოკალიფსური ცხოველები, ლომის მსგავსი, კუროს მსგავსი, არწივის მსგავსი, მეოთხესაც პირი კაცისა. თითოეულს წინ და უკან ორ-ორი თვალი და ფრთა ექვსი.
მთავარანგელოზი მიქაელი შვიდთავიან ვეშაპს კლავს. სადდასაი შვიდ პოზაუნს ურიგებს ანგელოზებს, სასწორიანი კაპარჭიანი, შუბიანი, მშვილდისრიანი აპოკალიფსური მხედრები პატმოსის ჭალაკისკენ მიაგელვებენ ცხენებს... უდაბნოში დაჩოქილ იოანეს სვეტისფეხიანი ანგელოზი შვიდბეჭდიან წიგნს აჩრის პირში (კ.გამსახურდია, დიონისოს ღიმილი, პატმოსის ჭალაკი).
აპოკალიფსს, მართლაც გავდა გუშინდელი კადრები პარიზიდან. მაგრამ აპოკალიფსი მხოლოდ განადგურების და უბედურებების სერია არ არის. იგი გამოწვევაა და ძველის ნანგრევებში ახლის აღდგომაა, თანაც ისეთი სამყაროსი, რომელიც გადაგვარების, დაცემის ძალებს აღარ ატარებს - ეს ასეა თეოლოგიური განზომილების მხრივ.
რაც კონკრეტულ პოლიტიკურ განზომილებას შეეხება: თუმცა გამოძიება ჯერაც არ დასრულებულა, მაინც მგონია, რომ ეს საკმაოდ მკაფიო გზავნილია გარკვეული ძალების მხრიდან. ზოგადად ვიტყვი და გამგები გაიგებს, რომ გზავნილი მოდის ორსუბიექტიანი ნეობოლშევიკურ-ჯიჰადისტური ალიანსის მხრიდან, ვისაც დასავლეთი თვალში ეკლად ესობა - ალიანსში, რომელშიც მეორენი სასარგებლო იდიოტების როლში არიან.
P.S. ვინც არ იცის: ჯიჰადი თვითმკვლელი ტერორისტების რელიგიური კონცეპტია.
შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე გამსახურდიას პირველი მოდერნისტული რომანი დიონისოს ღიმილი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხატვრული ნაწარმოებია მე-20 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში. დაბრუნების იდეა, მან პირველად გამოიყენა ამ რომანში, რომლის იდეოლოგიური დაპირისპირებაა გრიგოლ რობაქიძის გველის პერანგი. მთავარი გმირი, კონსტანტინე სავარსამიძეა. ადამიანი, რომელიც გაიქცა საქართველოდან, აჭრა ვენახი, დაივიწყა მამა და მაინც სამშობლოში დასაბრუნებელ გზებს ეძებს.
იხ ფოტო: