საგანგაშო სტატისტიკა - საქართველოში 120 000 პაციენტი ფსიქიატრიული კლინიკის სერვისით უნდა სარგებლობდეს

16:35 04-17-2019
466

16 აპრილს, ბელიაშვილის ქუჩაზე ავტომობილების ერთ-ერთ სადგომზე ახალგაზრდა მამაკაცმა სხვისი მანქანა დააზიანა. როგორც თვითმხილველმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა, მამაკაცი მეტალის სამაჯურით მანქანებს კაწრავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფოს ეკიპაჟი და საპატრულო პოლიცია. არაოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ექიმი ცდილობდა გაერკვია, რომელ კლინიკაში იყო ადგილი პაციენტის გადასაყვანად...

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში უმრავლეს შემთხვევებში პაციენტის განთავსება, არასაკმარისი საწოლების გამო, პრობლემას წარმოადგენს.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რა პირობებში უწევთ ცხოვრება იმ ადამიანებს, ვისაც მედიკოსების დახმარება სჭირდებათ და როგორ პასუხობს ჯანდაცვის სისტემა ამ გამოწვევას?

როგორც „პრაიმტაიმს“ „საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების“ თავმჯდომარემ, ეკა ჭყონიამ განუცხადა, ჯერ კიდევ 2017 წელს 89 000 მძიმე ფსიქიკური პრობლემის პაციენტი იყო. ხოლო პატიმართა 70% დაავადებულია.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის 2017 წლის სტატისტიკის მიხედვით 89 000 მძიმე ფსიქიკური პრობლემის პაციენტი იყო. 2018 წელს 16 ამბულატორიაში აღრიცხვა გავაკეთეთ და აღმოჩნდა, რომ 49 000 ადამიანია აღრიცხული. საერთაშორისო სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, მოსახლეობის 3 %-ს უნდა ჰქონდეს მძიმე ფსიქიკური აშლილობები, 4%-ს - კლინიკური მნიშვნელობის ფსიქიკური აშლილობები. საქართველოში მძიმე ფსიქიკური აშლილობით 120 000 პაციენტი უნდა სარგებლობდეს ფსიქიატრიული კლინიკის სერვისით. როგორც ჩანს, დაავადებულთა ნახევარიც კი, არ აკითხავს სპეციალიზირებულ კლინიკას.

რაც შეეხება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების მიერ დანაშაულებრივ ქმედებებს, ციხეში დაახლოებით 10 000 პატიმრიდან 1 300-ს დიაგნოზი აქვს. მათგან 61 %-ს ჰქონდა პიროვნული აშლილობა, 12 %-ს ფსიქოზი.

პენიტენციალური დაწესებულებების კვლევის მიხედვით, 2013 წლიდან 2017 წლამდე 950 300 პირს  პიროვნული აშლილობა აღენიშნებოდა. ბოლო წლებში ეს რაოდენობა მზარდია.

აუცილებელია, საავადმყოფოების მიღმა შესაბამისი ზომების გატარება. ახლა, კლინიკებში 1 486 ადამიანის დაწოლაა შესაძლებელი და ეს საკმარისია იმ შემთხვევაში, თუ ამბულატორული მომსახურება იქნება ადექვატური. უამრავი ადამიანი მწვავე დაავადებით ქუჩაშია. ფსიქიატრიის ამოცანაა იმდენად არ გართულდეს ამა თუ იმ პაციენტის მდგომარეობა, რომ კლინიკაში დაწოლა ერთადერთ გამოსავლად იქცეს.

მედიკამენტოზურ მკურნალობასა და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა აუცილებელია. მათთან უნდა მუშაობდეს ე.წ. მობილური ჯგუფები, რომლებიც სახლებში მიაკითხავდნენ პაციენტებს.

ამჟამად, ასეთი 26 მობილური ჯგუფია და წლის ბოლოს 31 იქნება, აუცილებელია 33 ჯგუფის არსებობა. ეს ძალიან დიდი შვება იქნება სისტემისათვის“ - აცხადებს ეკა ჭყონია.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი