„საზოგადოებას ვაჩვენეთ ძალიან ცუდი შოუ. ვაცხადებთ მორატორიუმს“- დავით ბარგატიონმა უკან დაიხია

13:14 04-18-2019
676

დავით ბაგრატიონ მუხრანელის ადვოკატი, რომელიც აგრესიული რიტორიკით გამოირჩეოდა ტაქტიკას ცვლის და მორატორიუმს აცხადებს. მისი განმარტებით, ბოლო თვენახევრის განმავლობაში ანა ბარატიონ გრუზინსკიმ და დავით ბაგრატიონ მუხრანელმა ერთმანეთს ბევრი ტალახი ესროლეს, რითიც საზოგადოების თვალში ორივე მხარეს შეუფასებელი ზიანი მიადგა.

ბოლო თვენახევრის განმავლობაში ძალიან ბევრი ტალახი ვესროლეთ ერთმანეთს. ძალიან დავაზარალეთ ერთმანეთი. პირდაპირ გეტყვით, ყველა ტალახი, რომელიც გვესროლა ჩვენ მოწინააღმდეგე მხარემ საზოგადოების თვალში მოხვდა მათ. ხოლო ყველა ტალახი, რომელიც წავიდა ჩვენგან და ვესროლეთ მათ, მოგვხვდა ჩვენ და პირდაპირ დაგვაზარალა ჩვენ. ამ დავიდან საზოგადოებრივი შეფასების შედეგი არის შეუფასებელად ნეგატიური. - განაცხადა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ.

დავით ბაგრატიონ მუხრანელის ადვოკატის განმარტებით, მიუხედავად იმისა, თუ  როგორ დასრულდება მხარეებს შორის სამართლებრივი დავა , საზოგადოების თვალში ორივე მხარე მაინც წაგებული დარჩება. ამიტომ, ბაგრატიონ-მუხრანელის მხარე ბაგრატიონ-გრუზინსკებს მორიგებისა და მოლაპარაკების ხელს უწვდის.

ჩვენ ვაჩვენეთ საზოგადოებას ძალიან ცუდი შოუ. ორივე მხარემ. ვაღიარებ, რომ ჩვენც ვმონაწილეობდით და ამაში მეც მიმიძღვის ბრალი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მხარე ვაცხადებთ მორატორიუმს ყოველგვარ აგრესიულ რიტორიკაზე, ვუწვდით ხელს მეორე მხარეს მორიგებისთვის. ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რაზეც ვერ ვთანხმდებით. ვიფიქროთ იმაზე, რაზეც შეიძლება შეთანხმება. ვანახოთ საზოგადოებას, რომ ერთმანეთისთვის არამარტო ტალახის სროლა შეგვიძლია, არამედ დაჯდომა, დალაპარაკება და შეთანხმება . ეს არის მთავარი - განაცხადა დავით ბაგრატიონ მუხრანელის ადვოკატმა.

ლევან ჩხეიძემ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა დავითი ბაგრატიონ მუხრანელი მუქარაში ღიად დაადანაშაულა. კერძოდ, ლევან გორელაშვილმა დღეს განაცხადა, რომ დავით ბაგრატიონის ადვოკატი მას დაემუქრა და ურჩია, რომ შეეწყვიტა მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა, წინააღმდეგ შემთხვევაში დავითი ანას გამოუქვეყნებდა ვიდეოს, სადაც მისი განცხადებით, ჩანს, თუ როგორ ძალადობს ანა მათ საერთო შვილზე- გიორგიზე.

ანა ბაგრატიონ მუხრანელის ადვოკატი აცხადებს, რომ ასეთი მასალა ბუნებაში ვერ იარსებებს, რადგან ანას არასდროს უძალადია მის შვილზე.  

ავტორი: თაკო ტომარაძე