ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა დღეს საჯაროდ განაცხადა, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ემუქრება. მისი განცხადებით, დავითის ადვოკატმა მას უთხრა, რომ ანას უარი ეთქვა სარჩელის შეტანაზე სააპელაციო სასამართლოში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავითი ანას გამოუქვეყნებდა მტკიცებულებას, რომელიც ანას მიერ მათი საერთო შვილის - გიორგის ცემას ასახავს.
საუბარია დავაზე, რომლითაც ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი დავითისთვის საქართველოს სამეფო სახელით სარგებლობის უფლების აკრძალვას ითხოვს.
ანა ბაგრატიონ- გრუზინსკის ადვოკატმა განაცხადა, რომ ანას მისი შვილი-გიორგი არასდროს უცემია. შესაბამისად დავით ბაგრატიონი ცრუობს.
დავით ბაგრატიონმა თავდაპირველად შეცოდების სტრატეგია აირჩია. მან ანას ტირილით დაურეკა და სთხოვა დავა სააპელაციოში არ გაეგრძელებინა. შემდეგ იყო ფულის შეთავაზებაც და მინდა გითხრათ, რომ თანხა, რომელსაც დავითი ანას სთავაზობდა 90 ათას ლარზე მეტი იყო. მაგრამ ამაზეც რომ ვერ დაიყოლია, გადავიდა მუქარაზე. მისი ადვოკატის ენით შემოგვითვალა, რომ მას აქვს რაღაც ტიპის მტკიცებულება, რომელიც ანას მიერ პატარა გიორგის ცემას ასახავს. ასეთი რამ ბუნებაში ვერ იარსებებს, რადგან ანას არასდროს უძალადია მის შვილზე და თუკი დავითი ამბობს, რომ მას ამის მტკიცებულება აქვს, გაასაჯაროოს. - განაცხადა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა.
ლევან გორელაშვილის ბრალდების საპასუხოდ დღესვე, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ განაცხადა, რომ მსგავსი შინაარსის საუბარი ნამდვილად შედგა. თუმცა ადგილი არ ჰქონია მუქარას.
„იყო საუბარი მსგავს თემაზე. თუმცა ეს არ ყოფილა მუქარა. ჩვენ უბრალოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია. რომ ჩვენი მხარე, რომელიც მოცემულ სიტუაციაში თავდაცვის რეჯიმში ვართ, ვაპირებდით მსგავსი ტიპის მასალის სასამართლოსთვის გადაცემას. აქ არ იყო საუბარი კომპრომატების გასაჯაროებაზე. დავითმა მითხრა, რომ რაღაც ამის მსგავსი მასალა აქვს. თუმცა, არ ვიცი ეს არის ვიდეო თუ აუდიო. არც ის ვიცი, რომელ ბავშვზეა საუბარი. ზოგადად მიმაჩნია, რომ არ არის სწორი პროფესიულად და ეთიკურად, რომ ადვოკატებმა სატელეფონო საუბრები ჩავწეროთ და გამოვაქვეყნოთ. - განაცხადა დავით ბაგრატიონ- მუხრანელის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ.
დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა დღესვე განაცხადა, რომ მისი მხარე დღეიდან აგრესიული რიტორიკით საუბარზე უარს ამბობს და მორატორიუმს აცხადებს. ლევან ჩხეიძის განმარტებით, ორივე მხარემ ერთმანეთის მიმართ ბევრი ტალახი ისროლეს, რითიც საზოგადოების თვალში სერიოზული ზიანი მიადგათ.