როგორ გავახაროთ ჯეჯილი ოთხ დღეში

10:08 04-19-2019
2011

აღდგომის დღესასწაულზე, ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო ჯეჯილია. ჯეჯილს უმეტესობა სახლში თესავს და ამისთვის სამზადისი 2 კვირით ადრე იწყება.

თუ ჯერ ვერ მოასწარით ჯეჯილის დათესვა და გინდათ სააღდგომო დღესასწაული საკუთარი ხელით შექმნილი დეკორაციით გაალამაზოთ, ჩვენი მკითხველი გიზიარებთ რჩევას, როგორ გავახაროთ ჯეჯილი ოთხ დღეში.

ჯეჯილისთვის ნებისმიერი ფორმისა და ზომის ჭურჭელი გამოდგება. ხორბლის რაოდენობა და ჭურჭლის ფორმა თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

აიღეთ სასურველი ჭურჭელი, 3-4 სანტიმეტრის სისქეზე ჩააფინეთ ბამბა (მიწა ამ შემთხვევაში, სწრაფი ზრდისთვის არ გამოდგება).

ბამბა დანამეთ თბილი წყლით. მოაბნიეთ ასევე თბილ წყალში გარეცხილი ხორბალი. დადეთ მზა ჭურჭელი სახლში, ყველაზე თბილ ადგილზე და დააფარეთ თავზე პოლიეთილენის პარკი. 

ამ დღეებში ყოველ დილით და საღამოს ისევ დანამეთ და ოთხ დღეში თქვენ ძალიან ლამაზი ჯეჯილი გექნებათ.

იგივე მეთოდით შეგიძლიათ ჯეჯილი ჩათესოთ ჭიქებში, კვერცხის ნაჭუჭში და ა.შ.

ამასთან გაითვალისწინეთ, რომ ჭურჭელს, რომელშიც ჯეჯილის ჩათესვას აპირებთ გახვრეტილი უნდა იყოს.