რა შემთხვევაში ჩამოგერთმევათ ნაჩუქარი ქონება

11:14 04-19-2019
585

ჩუქების ხელშეკრულებაა, როცა მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულსქონებას საკუთრებაში მისი თანხმობით. თუმცა, ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, დადასტურება სჭირდება.

არის გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა, ჩუქების ხელშეკრულების  გაუქმება გამოიწვიოს.  „მოქმედი კანონმდებლობით, პირს უფლება არა აქვს გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს“, - ინფორმაციას ამის შესახებ საადვოკატო ბიურო myadvokat.ge-ი ავრცელებს.

როგორც იურისტები განმარტავენ, მხარეებს შეუძლიათ დაადგინონ, რომ ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია ამა თუ იმ პირობის შესრულებაზე ან განსაზღვრული მიზნის მიღწევაზე.

ეს მიზანი შეიძლება იყოს საერთო-სასარგებლოც (შეწირულობა). პირობის შესრულება, გარდა მჩუქებლისა, შეუძლია, მოითხოვოს იმ პირმაც, ვის ინტერესებშიც არის, ხოლო თუ დასაჩუქრებული პირობას არ შეასრულებს, მაშინ მჩუქებელს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ასევე, ჩუქება შეიძლება, გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.

თუმცა, ჩუქების ხელშეკრულების უმადურობის მოტივით გაუქმება ერთგვარ ბუნდოვანებას იწვევს. „საქმე ის არის, რომ კანონმდებელი არ ახდენს დაკონკრეტებას, რა ითვლება უმადურობად, ამდენად ეს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამოკიდებული ხდება სასამართლოს შეფასებაზე,“- განმარტავს ადვოკატი.

რაც შეეხება ჩუქების გაუქმებისთვის მოთხოვნის პროცედურებს. როგორ იურისტი ამბობს, გაცხადების ვადად კანონმდებელი განსაზღვრავს სპეციალურ ვადას. ჩუქება შეიძლება, გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.

ჩუქების გაუქმების შემთხვევაში, გაჩუქებული ქონება შეიძლება, მჩუქებელმა უკან გამოითხოვოს.

თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.