2016 წელს გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული სალომე ტატიშვილის დედა ნინო ჟვანია უბედური შემთხვევის საქმის გამოძიების მსვლელობასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
სალომკას საქმის გაგრძელებასთან დაკავშირებით სულ მეკითხებით და ახლა უკვე შემიძლია გითხრათ: უზენაესმა სასამართლომ განიხილა საქმე, არ დააკმაყოფილა ბრალდებულის საჩივარი და ძალაში დატოვა სააპელაციოს გადაწყვეტილება სალომეს გაუფრთხილებლობით მკვლელობაში გიორგი ლიპარტელიანის ბრალეულობის შესახებ.
საბოლოო ინსტანციის ეს პრეცედენტული გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ქვეყანაში თხილამურებით სრიალისას სხვისი დაზიანება, სხვისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება სისხლის სამართლის დანაშაულია!
გთხოვთ, ნუ დავარქმევთ უბედურ შემთხვევას იმას, რაც ადამიანის უპასუხისმგებლო საქციელით არის გამოწვეული და რისი თავიდან აცილებაც შეიძლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
დიდი იმედი მაქვს, რომ ლიპარტელიანის ოჯახი ახლა მაინც გამოიჩენს კეთილგონიერებას - შვილის საზღვარგარეთ გადამალვის ნაცვლად ჩამოიყვანს მას საქართველოში და მისცემს შანსს, მოინანიოს ჩადენილი ქმედება. რათა ამ ახალგაზრდამ იცხოვროს არა როგორც უკანასკნელმა არამზადამ, რომელმაც 12 წლის მზესავით ბავშვის სიცოცხლე მოსპო და არხეინად გააგრძელა არსებობა, არამედ როგორც ადამიანმა, რომელმაც გაიაზრა თავისი საქციელი, იტვირთა ეს უმძიმესი ტვირთი და შეიცვალა უკეთესობისკენ. სამართლიანობისათვის #სალომესსახელით - წერს ჟვანია.
შეგახსენებთ, რომ 12 წლის სალომე ტატიშვილი 2016 წელს გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა - 18 წლის გიორგი ლიპარტელიანმა თხილამურები ვერ დაიმორჩილა და სამწუხაროდ, პატარა გოგონას დაეჯახა, რომლის გადარჩენაც ვერ მოხერხდა. რამდენიმე წლის შემდეგ, სალომეს დედა წერდა, რომ დამნაშავე პირი, რომელიც მის შვილს დაეჯახა, ოჯახს საზღვარგარეთ ჰყავს გაშვებული - სასამართლომ კი, მისი ბრალეულობის შესახებ გოგონას გარდაცვალებაში, საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა.
იხ. ფოტოები: