ლევან ჯიბღაშვილი საკუთარი ავტომობილიდან აიყვანეს- ახალი დეტალები

19:06 04-22-2019
257

პრაიმტაიმისთვის ცნობილი ხდება, რომ ლევან ჯიბღაშვილი გუშინ ორთაჭალაში, საკუთარ ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, როდესაც პოლიციამ შეამოწმა და მისი მანქანიდან ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. თავად ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი პრაიმტაიმთან საუბარში განმარტავს, რომ ნივთიერებას, რომელიც პოლიციამ ბიზნესმენის ავტომობილიდან ამოიღო ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება.

ჯერჯერობით არ დასრულებულა საგამოძიებო მოქმედებები. ტარდება ექსპერტიზა, იმისათვის, რომ დადგინდეს რეალურად მის მანქანაში აღმოჩენილი ნივთიერება, იყო თუ არა ნარკოტიკული საშუალება. ლევანი აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან და ეხმარება გამომძიებლებს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად.

კითხვაზე, იცოდა თუ არა ლევან ჯიბღაშვილმა მის ავტომობილში არსებული ნივთიერების შესახებ, ადვოკატი განმარტავს, რომ ამ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს, მას შემდეგ რაც ექსპერტიზის დასკვნა გახდება ცნობილი. 

ექსპერტიზის პასუხის შემდეგომ გავაკეთებთ ვრცელ და ამომწურავ კომენტარს. ამ ეტაპზე არანაირი ვერსია არ გვაქვს. შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ლევანი არ არის და არც ყოფილა ნარკოტიკების მომხმარებელი. ის ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს- განაცხადა ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა.

შეგახსენებთ, ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი გუშინ ღამით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.