„როდემდე უნდა ზიანდებოდნენ ბავშვები?!“- მოსწავლეების მშობლები დახმარებას ითხოვენ

13:03 04-24-2019
225

„პრაიმტაიმს“ დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში არსებულ 130-ე საჯარო სკოლის რამდენიმე მოსწავლის მშობელი დაუკავშირდა და სკოლაში არსებული პრობლემით დაინტერესება სთხოვა. როგორც ერთ-ერთი მათგანი ამბობს, ეზოში არსებული ფეხბურთის სტადიონი, რომელიც წლებია დაზიანებულია, ბავშვებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მისივე თქმით, დაზიანებული საფარის გამო ბავშვები ხშირად იქცევიან და ზიანდებიან. მეორე მათგანი კი ამბობს, რომ თამაშის დროს, სკოლის მოსწავლეებს არაერთხელ მოუტეხავთ კიდურები. „როდემდე უნდა ზიანდებოდნენ ბავშვები?! ვიღაც ხელს იტეხს, ვიღაც ფეხს ასე გრძელდება წლებია. ათასი უბედურება ხდება, ვინმეს რამე რომ დაემართოს ვინ იღებს პასუხისმგებლობას?! “

მშობლები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, სკოლის დირექციას არაერთხელ მიმართეს თუმცა, პრობლემა წლების განმავლობაში ისევ მოუგვარებელია. 

დაზიანებული რბილი საფარი და დარღვეული კედლები, ეს ის სურათია რაც „პრაიმტაიმს“ ადგილზე დახვდა. 130-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მაია კოპალიანი ამბობს, რომ სასწავლო პროცესის დროს, სკოლის მოსწავლეებს ფიზკულტურის გაკვეთილები დაზიანებულ სტადიონზე არ უტარდებათ და თუ ვინმე სასწავლო პროცესის შემდეგ თამაშობს, ამაზე პასუხისმგებლობას სკოლა ვერ აიღებს.

„ჩვენი სასწავლო დაწესებულება ჩასმულია ახალი სკოლის პროექტში. გამოყოფილია ნახევარი მილიონი ლარი, რითაც უნდა მოხდეს სკოლის კეთილმოწყობა. გაკეთდება სტადიონიც“ - განაცხადა მაია კოპალიანმა.

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი